მიხეილ დუნდუა - OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება
მიხეილ დუნდუა - OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება

OECD-ის მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების დოკუმენტზე საუბრისას.

მისი განცხადებით, მსგავსი კვლევა აღნიშნული ორგანიზაციის მხრიდან პირველად ჩატარდა და მოიცავს ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.

„ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. OECD-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ინდექსში ჩვენი ქვეყანა საუკეთესო ათეულშია და მერვე პოზიციას იკავებს. წელს საქართველო პირველად მოხვდა ამ ინდექსში და პირველივე ჯერზე დაიმკვიდრა ადგილი საუკეთესო ათეულში, რაც მიანიშნებს იმას, რომ მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, რასაც პანდემია ჰქვია მთელ მსოფლიოში, საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index საქართველომ მოწინავე მე-8 პოზიცია დაიკავა 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ღია ეკონომიკამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. საქართველოს მაჩვენებელი აღნიშნულ კვლევაში აისახა საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასებიდან გამომდინარე, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) მოამზადა.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში განხორციელებულმა თანამიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას. საქართველო ახლა ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ძირითადი საინვესტიციო კანონმდებლობა ადგენს თანაბარ პირობებს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის და უზრუნველყოფს საკუთრების უფლებების მკაფიო და პროგნოზირებად ჩარჩოს.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.