პასკალ მენიე - საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში
პასკალ მენიე - საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობით დიდ პროგრესს მივაღწიეთ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში

საფრანგეთსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესანიშნავი თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის წყალობით ჩვენ მივაღწიეთ დიდ პროგრესს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმზე: „შავი ზღვის რეგიონული და გლობალური ბირთვული წესრიგი“ განაცხადა. ინფორმაციას სუს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

„ვფიქრობ, გვაქვს ორმხრივი ნდობა ორ უწყებას შორის, იმართება ბევრი ტრენინგი და ხშირია ექსპერტების ურთიერთგაცვლა. უდაოდ სიამაყის საფუძველია ჩვენთვის უსაფრთხოების სამსახურთან ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა.

საფრანგეთს სურს, რომ ამ რეგიონში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. ტერორიზმთან ბრძოლისა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ. როგორც იცით, მომავალ წელს ჩვენ ვიქნებით მასობრივი იარაღისა და მასალების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა და ამ მიმართულებით ავიღებთ ინიციატივებს.

ჩვენ ასევე მოვიწვიეთ საქართველო, რომ შემოუერთდეს საერთაშორისო თანამშრომლობას ქიმიური იარაღის გამოყენების დაუსჯელობის წინააღმდეგ. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ერთიანი ამ საკითხზე, რადგან საფრთხე არსებობს“- განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ.

თბილისის მესამე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: შავი ზღვის რეგიონის ბირთვული უსაფრთხოება და კონტროლის მექანიზმები; საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული ძალისხმევა ბირთვული ტერორიზმის საფრთხის შემცირებისთვის; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რისკების შემცირება და რეგიონში რუსეთის მიერ კონტროლირებად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი. ასევე – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი ირაკლი მჭედლიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვივიანა სანდბერგი.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო თანაორგანიზატორები არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო. ფორუმის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ ბირთვულ და რადიაციულ სფეროში მომუშავე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ექსპერტები და ოფიციალური პირები აშშ-დან, ევროპიდან და შავი ზღვის რეგიონიდან. მონაწილე ქვეყნები აქტიურად არიან ჩართული „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ ყოველწლიური მიმოხილვის პროცესში.