საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საერთაშორისო პოლიტიკაში დიალოგს ვერაფერი ჩაანაცვლებს
საქართველოში საფრანგეთის ელჩი - საერთაშორისო პოლიტიკაში დიალოგს ვერაფერი ჩაანაცვლებს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე ევროსაბჭოში რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების დაბრუნებას ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპითა და დიალოგის რეჟიმის შენარჩუნებით ხსნის.

„საჭიროა, გავიხსენოთ რაში მდგომარეობს ევროსაბჭოს ძირითადი მისია, – ადამიანის უფლებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს ორგანიზაცია წელს 70-ე იუბილეს ზეიმობს და ვფიქრობ, ყველას ინტერესის გათვალისწინებით, უმჯობესია, რომ ევროპის მთელი 800 მილიონი მოქალაქე დაცული იყოს და ჰქონდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე წვდომა. ამ მიზეზით, საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ მხარი დაეჭირა რუსეთის რეინტეგრაციისთვის, რათა რუსეთის მოქალაქეებსაც მისცემოდათ საშუალება, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და დაიცვან საკუთარი უფლებები“ – განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ევროსაბჭოში რუსეთის ფედერაციისთვის ხმის უფლების აღდგენას საფრანგეთის დელეგაციამ სრული შემადგენლობით დაუჭირა მხარი. პასკალ მენიემ ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არც საქართველოში და არც უკრაინაში არ უნდა შეფასდეს ისე, თითქოს ევროპაში ამ ორი ქვეყნის ოკუპაციის საკითხს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ.

„ჩვენ უკრაინისა და საქართველოს ინტერესების ყველაზე მხურვალე დამცველთა შორის ვართ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რესპუბლიკის პრეზიდენტმა ეს მტკიცედ გააჟღერა, როცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ასევე ახლახანს, უკრაინასთან დაკავშირებით, საფრანგეთმა სულ მცირე სამჯერ, უკრაინის პრეზიდენტის სტუმრობისას, პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს და საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი ვიზიტისას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. ასე რომ, ეს ეჭვგარეშეა. გარდა ამისა, ჩვენ პატივი ვეცით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ორ ანგარიშს – კოქსის ანგარიშს და ქ-ნ დე სუტერის ანგარიშს, რომლებსაც ხმა დიდმა უმრავლესობამ მისცა. ისინი მოუწოდებენ რუსეთს, გაათავისუფლონ უკრაინელი მეზღვაურები, დაფარონ გადასახადის დავალიანებები ევროსაბჭოში და ა.შ.“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

ფრანგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაში უალტერნატივო ხერხია დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.

„დიალოგს ვერაფერი ჩაანაცვლებს. არსებებს ინგლისური გამოთქმა, რომელიც ძალიან მიყვარს – We agree to disagree (ვთანხმდებით, რომ ვერ ვთანხმდებით). თვით შეხვედრის ფაქტი, საკუთარი აზრის გამოხატვა და შემდეგ შეთანხმება იმაზე, რომ ვერ ვთანხმდებით, მნიშვნელოვანი პროგრესია. ეს ყველა სფეროში დაუწერელი კანონია, რასაკვირველია საერთაშორისო ურთიერთობებშიც, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ვფიქრობ, უკეთესი იქნება ფოკუსირება მოვახდინოთ იმაზე, რაც ხალხს აერთიანებს, ვიდრე იმაზე, რაც მათ ჰყოფს და აპირისპირებს. დაყოფას მივყავართ ესკალაციისკენ. ასე რომ, დიალოგი იძლევა საშუალებას ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ რასაკვირველია ამის ნება ორივე მხრიდან არსებობს, მივაღწიოთ მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნა მენიემ.

საფრანგეთის ელჩმა საზოგადოების პოლარიზებაზე მსჯელობისას პარალელი გაავლო საქართველოში შექმნილ ვითარებასთან. იგი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის ნაკლებობა ვითარებას ამწვავებს.

„გამწვავება საქართველოს შიდა პოლიტიკაშიც შეინიშნება. როგორც ამბობენ, არსებობს პოლიტიკური სისტემის მკვეთრი პოლარიზაცია. ამას მშვიდობა არ მოაქვს.“ – აღნიშნა პასკალ მენიემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ევროპის საბჭომ რუსეთის ფედერაციას სანქციები 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო დაუწესა. რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება, ხოლო საწევროს გადაუხდელობის გამო, დავალიანებამ 70 მილიონ ევროს გადააჭარბა. რუსეთი ევროპის საბჭოს ორგანიზაციიდან გასვლით დაემუქრა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ანალიტიკური გამოცემა Foreign Policy-ის ექსკლუზიური წყაროდან ცნობილი გახდა, რომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის შეზღუდვების მოხსნა განიხილებოდა, რის სანაცვლოდაც რუსეთმა დავალიანება უნდა დაფაროს.

რეზოლუცია, რომელიც რუსული დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენას ითვალისწინებს, ბელგიელმა სოციალისტმა დეპუტატმა წარადგინა. რეზოლუციას მხარი 118-მა დეპუტატმა დაუჭირა, 62 კი წინააღმდეგი იყო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას საქართველომ მხარი არ დაუჭირა.  პროტესტის ნიშნად, საქართველოსა და უკრაინის დელეგაციებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 9-საათიანი კენჭისყრის დასრულებისთანავე დატოვეს. დოკუმენტის წინააღმდეგ ასევე ხმა მისცეს პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციების წევრთა უმრავლესობამ.

რეზოლუციას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს საფრანგეთისა და იტალიის დელეგაციებმა, ასევე ავსტრიის, აზერბაიჯანის, კვიპროსის, ესპანეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ნორვეგიის, პორტუგალიის, სერბეთის, სან მარინოსა და თურქეთის მთელმა დელეგაციებმა.