გაერო-ს ბირთვული უსაფრთხოების სამეთვალყურეო ორგანოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში პლუტონიუმის გადამუშავების მიზნით სამუშაოები შეინიშნება
გაერო-ს ბირთვული უსაფრთხოების სამეთვალყურეო ორგანოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში პლუტონიუმის გადამუშავების მიზნით სამუშაოები შეინიშნება

გაერო-ს ბირთვული უსაფრთხოების სამეთვალყურეო ორგანოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში პლუტონიუმის გადასამუშავებლად სამუშაოები შეინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეაში ატომური რეაქტორის საწვავიდან პლუტონიუმის გამოცალკავების სამუშაოები შეინიშნება, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.

სააგენტო, რომელსაც არ მიუწვდება ხელი ჩრდილოეთ კორეაში არსებულ ბირთვულ ობიექტებზე, დაკვირვებას სატელიტის საშუალებით ახორციელებს. რაფაელ გროსის განცხადებით, იონბიონის 5-მეგავატიან ბირთვული რეაქტორში, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო, ბოლო მონაცემებით კვლავ განახლდა სამუშაოები, რადგან რეაქტორის საკვამურიდან უწყვეტად ამოდის კვამლის ნაკადი.

მისი განცხადებით, ბირთვულ რექტორში მიმდინარე სამუშაოები რადიოქიმიური ლაბორატორიის განახლებისთვის საჭირო დროს შეესაბამება. გარდა ამისა, გროსის განცხადებით, აქტიურობა შეინიშნება ფხენიანთან ახლოს განთავსებულ კანსონის ობიექტზეც, სადაც ატომური ელემენტების გამდიდრება ხორციელდება.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ ობიექტებზე დაშვება 2009 წლის შემდეგ არ აქვს, როდესაც ქვეყნიდან სააგენტოს ინსპექტორები გააძევეს. ბირთვული იარაღის დამზადების სამუშაოები კი, ქვეყანაში კვლავ მიმდინარეობს.

ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის ბოლო გამოცდა 2017 წელს განახორციელა.