პასკალ მენიე - ყველა ქვეყანას აქვს ტრადიციები, რასაკვირველია, ოჯახისადმი მიძღვნილი დღესასწაული ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის
პასკალ მენიე - ყველა ქვეყანას აქვს ტრადიციები, რასაკვირველია, ოჯახისადმი მიძღვნილი დღესასწაული ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის

ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები და რასაკვირველია, ოჯახისადმი მიძღვნილი ტრადიცია, ეს დღესასწაული ჩემთვის შოკისმომგვრელი არ არის, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ განაცხადა.

„სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც მოგეხსენებათ, არსებობს დედების დღე, მამების დღე. ვინაიდან საქართველო უახლოვდება ევროპულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება და მათი ღირებულება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ვალდებულება, რომ დაიცვას ყველას უფლება.

საფრანგეთი, როგორც მოგეხსენებათ უკვე მრავალი თვეა ყოველ შაბათს ყვითელ ჟილეტიანების მანიფესტაციებს ადევნებს თვალს. ეს მანიფესტაციები იმართება იმისთვის, რომ თითოეული ადამიანი გამოხატავს საკუთარ აზრს და საკუთარ შეხედულებას სხვადასხვა საკითხის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ეს გამოხატვა წარიმართოს მშვიდად და ცივილურად, ძალადობის გარეშე. ამიტომ, იმ ადამიანებისთვის მესიჯი, რომლებიც 17 მაისს გამოვლენ გარეთ, იქნება ის, რომ დაცული იყოს ყველას უფლება“,- განაცხადა პასკალ მენიემ.

საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, სახალხო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, მსვლელობა შედგება რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ხალხს და სრულიად საქართველოს.