„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი - დიდი იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ყველა ბავშვი დატოვებს ნინოწმინდის პანსიონატს
დიდი იმედი მაქვს, რომ გონივრული ვადაში ყველა ბავშვი დატოვებს ამ პანსიონატს, – ამის შესახებ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ანა აბაშიძე განაცხადა, საპატრიარქო თავისი სასულიერო პირებით ცდილობენ, სახელმწიფოს გვერდის ავლით, სახელმწიფო ინსტიტუტების გვერდის ავლით, კანონმდებლობის სრული იგნორირებით ორგანიზაციის წარმომადგენლები გადაეყვანათ ისეთ მხარეზე, სადაც არის სრული განუკითხაობა.
„ახლა მათი განცხადება, რომ სასამართლოს მივმართავთ, მხოლოდ კარგია, რადგან ყველაზე ჯანსაღი და სწორი მიდგომაა დისკუსიები განიხილებოდეს მართლმსაჯულების სისტემაში. ამიტომ ჩვენ ამაში პრობლემას კი არ ვხედავთ, გვიხარია,რომ ამ კუთხით წავიდა დისკუსია. დიდი იმედი მაქვს, რომ თავად საპატრიარქო და დანარჩენი ნაწილი, რომელსაც აქამდე არ სჯეროდა ან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესებს, გაიზიარებენ მაგალითად, მეუფე გრიგოლის პოზიციას, რომელიც საპატივცემულოა ჩემთვის. ის საუბრობს, სწორ აქცენტებს სვამს და მისი მიზანია, ბავშვების დაცვა. ყველას მიზანი, მათ შორის საპატრიარქოსი უნდა იყოს ბავშვების დაცვა და მათი უსაფრთხოება, უკეთეს ადგილას ყოფნა. ამ მიზნით უნდა გავერთიანდეთ არ უნდა დავიყოთ. მაგრამ სამწუხაროდ აქამდე ეს ვერ მოხერხდა, ამიტომ გახდა საჭირო სწორედ მართლმსაჯულების ჩართვა ამ პროცესში, რომელმაც ბოლო ეპიზოდში, ბოლო შუამდგომლობაში, სრულიად ადეკვატური და სწორი როლი შეასრულა“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.
მისივე თქმით, ამ პროცესში საპატრიარქო არ არის მხარე, მხარე არის ჯანდაცვის სამინისტრო, რომელმაც, როგორც ვნახეთ, დაიწყო გადაწყვეტილებების აღსრულება.
„სახელმწიფომ აღიარა შეცდომები ამ ნაწილში. სახელმწიფო ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას. რაც რა თქმა უნდა, სწორია, დასაფასებელია, დაგვიანებულია, მაგრამ მაინც და ისინი ამ პროცესს მიყვებიან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გონივრულ ვადაში ყველა ბავშვი დატოვებს ამ პანსიონატს“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.