სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის პასუხისმგებლად მიიჩნევს
სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის პასუხისმგებლად მიიჩნევს

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევს პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის.

კერძოდ, ანა აბაშიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის კითხვას, „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიიჩნევთ პასუხისმგებლად ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისთვის?“.

„კი, მივიჩნევ. უფრო მეტიც, მე ვმუშაობდი მაშინდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ ერთ-ერთ საქმეში, როდესაც მან, ჩემი აზრით, სრულიად სამარცხვინოდ პარლამენტის ტრიბუნიდან პატარა ბიჭს, მიხეილ ალექსიძეს, რომელიც იყო 53-ე სკოლის მოსწავლე, მერვე კლასელი, ამ ადამიანს მიხეილ სააკაშვილმა, 53-ე სკოლის დირექტორმა, მაშინდელმა განათლების მინისტრმა და ა.შ. თუმცა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა, ხულიგანი ეძახა. მათ შორის, მე ვიყავი ავტორი ამ ბავშვის საქმის პრაქტიკულად გამოძიების და მაშინდელმა სახალხო დამცველმა რეკომენდაციაც კი გასცა და შეაფასა მიხეილ სააკაშვილის ქცევა ძალიან, ძალიან ნეგატიურად, უფრო მეტიც, განათლების მინისტრის. და ჩემი შეფასებით, ყველაზე არაეთიკური და ბავშვზე არაორიენტირებული სწორედ სკოლის დირექტორი იყო. ეს ერთი შემთხვევაა. მე შემიძლია, ბევრი სხვა შემთხვევა ჩამოგითვალოთ და თუ გადახედავთ 2013 წლამდე სახალხო დამცველის ანგარიშების განსაკუთრებით იმ თავს, რომელიც ბავშვებს, ქალებს, შშმ პირებს ეძღვნება, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვარ თანაავტორი და ყველა სიტყვაზე პასუხს ვაგებ დღესაც“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძის კითხვაზე საპასუხოდ, „უფლებების დაცვის თვალსაზრისით, იმხანიდან ამხანამდე ქვეყანაში ვითარება შეცვლილია?“, – ანა აბაშიძემ 2007 წლიდან დღემდე პერიოდი შეაფასა.

„ის, რომ ბოლო ათი წელი არსებითად განსხვავებულია ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ჩვენი დამსახურებაც არის, ყველასი ერთად, მაგრამ ამავდროულად არის ლოგიკა, რომ პროგრესი იმთავითვე ნაგულისხმევია, ჩვენ უკან ვერ წავალთ, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმ ამბავს, რომ მე 2009 წლამდე მიწევდა ბავშვთა სახლების რაოდენობაში სიარული, სადაც ბავშვები იტანჯებოდნენ, ეს არის ტანჯვის ადგილი, ვინც არ უნდა მართავდეს ამ ბავშვთა სახლს, 2009-2010 წლებში 40-ზე მეტი ბავშვთა სახლი დაიხურა, ეს იყო უმნიშვნელოვანესი რეფორმა, თუმცა არ იყო საკმარისი. ამას მოჰყვა შემდგომში სოციალურ მუშაკთა პროფესიის გაჩენა, შემდგომ ვიხსენებ რეფორმების თვალსაზრისით განსაკუთრებით ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, ამ პერიოდში ვიხსენებ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსს, განსაკუთრებით ჩემი ჩართულობა ზუსტად 2012 წლიდან დღემდეა, უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, რა ხდებოდა შემდეგ, ვიდრე მანამდე სამოქალაქო სექტორის პერსპექტივიდან. უმნიშვნელოვანესი რეფორმაა შრომის კოდექსი, შსს-ში დანაყოფების გაჩენა, რომელმაც უფრო არსებითი გახადა ადამიანების დახმარება, მაგრამ მეც და თქვენც უნდა შეეჯიბროთ საკუთარ თავს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ნეგატიურადაც გვახსენდება და პოზიტიურადაც“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე სახალხო დამცველობის კანდიდატად წარადგინეს: „მოქალაქეებმა“, „რეფორმების ჯგუფმა“,  „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“, ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.