ანა აბაშიძე - ადამიანის უფლებები უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ჭეშმარიტ სურვილს, იყოს ბედნიერი, თავისუფალი, განვითარდეს, იცხოვროს მშვიდად და ზედმეტად არავინ ჩაერიოს მის თავისუფლებაში
ანა აბაშიძე - ადამიანის უფლებები უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ჭეშმარიტ სურვილს, იყოს ბედნიერი, თავისუფალი, განვითარდეს, იცხოვროს მშვიდად და ზედმეტად არავინ ჩაერიოს მის თავისუფლებაში

ადამიანის უფლებები უნდა ემსახურებოდეს ადამიანის ჭეშმარიტ სურვილს, იყოს ბედნიერი, იცხოვროს მშვიდად, განვითარდეს, იყოს თავისუფალი და ზედმეტად არავინ ჩაერიოს მის თავისუფლებაში, – ამის შესახებ სახლხო დამცველობის კანდიდატმა, ანა აბაშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მგონია, რომ ამ კონცეფციაში ზის მთელი რიგი უფლებებისა, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, როგორც მაგალითად, რომ დავიბადეთ და ვიგრძენით, მაგრამ არის კიდევ უფლებები, რომელიც თანდათან შემოგვემატა, ასაკთან დაკავშირებით, გამოწვევებთან და ა.შ“, – განაცხადა აბაშიძემ.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, ის, როგორც იურისტი, ადვოკატი და მოქალაქე, ცდილობს ადამიანის უფლებები იმ კონტექსტში გამოიყენოს, რომ მის ირგვლივ ადამიანებმა თავი უკეთ იგრძნონ.

„მგონია, რომ ყველა ასე უნდა ფიქრობდეს, სახალხო დამცველი იქნება ეს თუ პოლიტიკოსი. იმიტომ, რომ ჩვენი თანაცხოვრება ერთადერთი მიზნისკენ არის – უბრალოდ, თანავცხოვრობდეთ და თავს ვგრძნობდეთ კარგად. ამაში დევს ისიც, რომ მე უნდა მქონდეს საშუალება, ვისწავლო, მივიღო კარგი ხარისხის განათლება, ვიმუშაო და მქონდეს კარგი ანაზღაურება, ვიყო მშვიდად და სახლში თუ ქვეყანაში არავინ მივარდებოდეს, ვსუნთქავდე სუფთა ჰაერს, არ იყოს ეკოლოგიური კატასტროფები, რომელიც მე, ჩემს მშობლებს, თქვენს მშობლებს, ან ნებისმიერ ადამიანს აუცილებლად სიცოცხლის ფასად შეიძლება, დაუჯდეს. მგონია, რომ აქ არის ადამიანის მთავარი უფლებები და ადამიანებს, რომლებიც შრომობენ, სიცოცხლის ფასად არ უნდა უჯდებოდეთ ეს შრომა. ზოგადად, ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, მგონია, რომ ეს არის ადამიანის უფლებები და რაც მთავარია, ადამიანის თავისუფლებაში არ ერეოდეს სახელმწიფო იმაზე მეტად, ვიდრე გამართლებადია“, – განაცხადა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საჭიროა, ადამიანებს ჰქონდეთ თანაბარი საბაზისო შესაძლებლობები, მერე კი, უკვე პირად მონდომებასა და სიბეჯითეზეა დამოკიდებული.

ომბუდსმენობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება აუცილებლად უნდა იყოს სოლიდარული და გვქონდეს პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა არის სიტყვის თავისუფლება და რამდენად აბსოლუტურია ის, ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის.

გიორგი გვიმრაძემ გადაცემის სტუმარს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებითაც ჰკითხა, როგორ ხდება იმის დადგენა, ძალადობა მოწოდებამ გამოიწვია, თუ მოქმედი პირების სურვილმა, ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ნება მოქმედ პირებსაც ჰქონდეთ, მაგრამ თუ ეს ორგანიზებულია და მომწოდებლის სიტყვამ მაგალითად, გააღვივა სურვილი და მოტივაცია მისცა, გამოძიებისას სხვადასხვა კორელაციით დგინდება, გამოიწვია თუ არა ძალადობა მოწოდებამ.

„ჩვენ ახლა იმაზე კი არ ვლაპარაკობთ, რომ დახურულ კარს მიღმა ვიღაცები საუბრობდნენ?! ეთერებში ვუსმენდით, პირდაპირ რომ ამბობდნენ, არა ძალადობას კი არა, მოგიწოდებთ ძალადობას. ასეთ ხალხზე ვლაპარაკობთ და მგონია, არასწორია ამ თემის, 5 ივლისის ბოდიში და რომანტიზება, სადისკუსიო თემად გადატანა, სადაც ჩვენ ვნახეთ განუვითარებელი საზოგადოების მაგალითი, რომელსაც ცივილურ თანაცხოვრებასთან არაფერი საერთო არ აქვს. იმიტომ, რომ ამ 5 ივლისის ქმედებებს ჰყავს გაუბედურებული ხალხი, ღირსება აყრილი ადამიანები“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.