ნინო ლომჯარია - ​მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან და სხვა დიდი ზომის ინსტიტუციებთან მიმართებაში
ნინო ლომჯარია - ​მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან და სხვა დიდი ზომის ინსტიტუციებთან მიმართებაში

​მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს და დასრულდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან და ასევე სხვა დიდი ზომის ინსტიტუციებთან მიმართებაში, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომლიც გუშინ იმყოფებოდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში და ადგილზე გაეცნო ვითარებას.

მისი თქმით, ყველა ბავშვისთვის უნდა მოიძებნოს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისი ან ისინი დაბრუნდნენ ოჯახურ გარემოში.

„გუშინ ვიყავი ადგილზე. ადგილზე იმყოფება 15 არასრულწლოვანი და ერთი სრულწლოვანი პირი. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს და დასრულდეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან მიმართებით და ასევე სხვა დიდი ზომის ინსტიტუციებთან მიმართებით. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვისთვის მოიძებნოს სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისი ან ისინი დაბრუნდნენ ოჯახურ გარემოში, საკუთარ ოჯახებში და ჩაერთვნენ ოჯახში რეინტეგრაციის პროგრამაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება მცირე ზომის სახლებს, რაზეც საპატრიარქო საუბრობს, სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის უფრო თანამედროვე და ბავშვთა უფლებებთან დაახლოებული მიდგომა.

„ამ პროცესს დასჭირდება სრული კოორდინაცია და წარმართვა. მნიშვნელოვანია, რომ იქ სტანდარტები იყოს დაცული, მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი მომზადება და ასევე აღჭურვილი იყოს როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური საჭირო რესურსებით, ფსიქოლოგებით. ამ პროცესში მზად ვართ, რომ საკონსულტაციო ფორმით ვიყოთ ჩართული. გამოითქვა ასევე საპატრიარქოს მხრიდან, რომ ჩაგვრთონ პროცესში, გაიზიარონ ჩვენი რეკომენდაციები. იმედი მაქვს, ის სამწუხარო ფაქტები, რაც მოხდა ნინოწმიდის გარშემო, მაინც დაგვაყენებს სწორ გზაზე, რასაც ჰქვია დიდი ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაცია. ვფიქრობ, ამ მოვლენებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორ გზაზე დავდექით და ვფიქრობ, პროცესი დაჩქარდება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.