„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ მიმართეს საქალაქო სასამართლოს სარჩელით პანსიონიდან ყველა აღსაზრდელის გაყვანის შესახებ.

„ვითხოვდით, პანსიონში მცხოვრები ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანას. ჩვენი არგუმენტაცია რა თქმა უნდა, იყო მტკიცებულებები იმ ბავშვების, რომლებიც ამჟამად იქ ცხოვრობენ, ადამიანების, რომლებსაც უცხოვრიათ ამ დაწესებულებაში და საუბრობენ არაერთ უმნიშვნელოვანეს დარღვევაზე, სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულებზე, ღირსების შემლახველ დანაშაულებზე, რამაც შექმნა, ჩვენი შეფასებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკი. რის გამოც მიგვაჩნდა, რომ ყოველგვარი გადადების გარეშე, ბავშვებს უნდა დაეტოვებინათ პანსიონი. სწორედ ამიტომ, გუშინ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. მოსამართლე ივანე ღლონტმა განიხილა ჩვენი შუამდგომლობა და სრულად დაგვეთანხმა საფრთხის არსებობაში, რაც ნიშნავს, რომ დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ახლავე უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, – განაცხადა ანა აბაშიძემ.

ანა აბაშიძის თქმით, მოსამართლემ განმარტა: „სასამართლო მიიჩნევს, იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება, შეექმნას საფრთხე. ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის თავად პანსიონში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა“.

ამასთან, როგორც „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა არგანაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეუძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, „სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ პანსიონში საფრთხე ეხება იქ მცხოვრებ ყველა ბავშვს“.

„სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე ზუსტად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ, მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ტექნიკური დეტალი, რომელიც გვეუბნება, რომ შშმ პირები უნდა გავიდნენ, არის მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკა. ჩვენ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ იქ არის საფრთხე, არ შეიძლება რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობით ჩვენ მხოლოდ შშმ ბავშვების უფლებების დაცვა შეგვიძლია სპეციალური მოსარჩელის სტატუსით“, – განაცხადა არგანაშვილმა.