ეკატერინე ტიკარაძე - ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა, ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია
ეკატერინე ტიკარაძე - ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა, ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია

სოციალური მუშაკები შეუფერხებლად მუშაობენ. ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან იქნება ძალიან პროდუქტიული. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონატებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი. შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. ვგულისხმობ, ნინოწმინდის პანსიონთან მიმართებით ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იქ შესაძლებელი გახდეს ბავშვების განთავსება, როგორც მცირე ზომის ოჯახის ტიპის სახლში. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ყოველთვის პოზიტიურის მოლოდინი გვაქს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პანსიონში შესვლის საკითხს, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ვალდებულია, პანსიონში შევიდეს.

ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან.

„რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან“, – აღნიშნა ტიკარაძემ.