პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.

საპარლამენტო ოპოზიცია ცვლილებებს აკრიტიკებს და არადემოკრატიულ უწოდებს.

„ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის არაპროპორციული და უნდა იქნას ხელახლა განხილული, არის გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები. სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა, ამიტომ მე ჩემს გამოსვლაშიც კრიტიკულად შევაფასე ეს კანონპროექტი. ჩვენ წინააღმდეგ მივცემთ ხმას და სამწუხაროა, რომ კიდევ ხდება ვენეციის კომისიის დასკვნების იგნორირება“, – განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ.

სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, შეუწყდეთ პარტიებს, რომლებიც საარჩევნო ბარიერის გადალახვის მიუხედავად, მანდატების მიღებასა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარს ამბობენ. ინიციატორები ხაზს უსვამენ, რომ ცვლილებები არ ეხება ბოიკოტს, რაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურაა.

„ეს კანონი გახლავთ, რომელიც არეგულირებს პარტიების დაფინანსების საკითხს. კანონი არავითარ შემთხვევაში არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, რადგან კანონი არ ეხება რაიმე უკვე აქამდე მომხდარ ფაქტს. კანონი არეგულირებს სიტუაციებს, რომლებიც კანონის მიღების შემდეგ, 2022 წლიდან შეიძლება, დადგეს. რაში არის კანონის შინაარსი. კანონი, რა თქმა უნდა, პარლამენტის რეგლამენტიდან, საქართველოს კონსტიტუციიდან, პარტიების შესახებ კანონიდან გამომდინარე, არ უკრძალავს არც ერთ პარტიას, არ ზღუდავს რომელიმე პარტიის დაფინანსებას. მათ შორის, ხშირად ტერმინის არასწორად გამოყენებით ცდილობენ ხოლმე მოსახლეობისა და მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, რომ პოლიტიკური ბოიკოტის გამო შეიძლება, დავისაჯოთ და ეს დაფინანსება მოგვიხსნან. არავითარ შემთხვევაში. პოლიტიკური ბოიკოტი არის კანონით დარეგულირებული, კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირებული საპარლამენტო ცხოვრების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც თავისი წესი გააჩნია. ამ პოლიტიკური ბოიკოტით სარგებლობა ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას შეუძლია, რომლის გამოც მას არავითარი სანქცია არ ემუქრება. ეს კანონი პრევენციას უკეთებს იმ შემთხვევას, რაც ჩვენ პრინციპში ვიხილეთ უკვე და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირსაც ჰქონდა თავისი ხედვები გამომუშავებული, როდესაც ხდება ამომრჩევლის ნების, საკონსტიტუციო მექანიზმების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, როდესაც არა ბოიკოტში, არამედ პირდაპირ საბოტაჟში გადადის“, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის პირველი თებერვლიდან იგეგმება.