შალვა პაპუაშვილი - გამიკვირდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება პარტიების დაფინანსების ცვლილებებზე, მათი თანდასწრებით ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და კრიტიკული მოსაზრებები არავის ჰქონია
შალვა პაპუაშვილი - გამიკვირდა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადება პარტიების დაფინანსების ცვლილებებზე, მათი თანდასწრებით ამ საკითხზე არაერთხელ გვისაუბრია და კრიტიკული მოსაზრებები არავის ჰქონია

პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ცვლილებები ორ საკითხს ეხება – იურიდიულ პირებს მთლიანად შეეზღუდებათ შემოწირულობების გაღება პარტიების მიმართ და მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა წლის განმავლობაში ხარჯისა კიდევ უფრო დაიწევს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან ეს შეფარდება მშპ-სთან – 0,1 დავწიეთ, 0,05 გახდა და ახლა პროექტის იდეა არის, რომ დაიწიოს კიდევ ერთი მეასედით და 0,04 იყოს. რაც შეეხება იურიდიული პირების მხრიდან დაფინანსების აკრძალვას, ესეც გახლავთ ხანგრძლივი რეკომენდაცია, რომელიც გაიცემოდა ხოლმე ვენეციის კომისიის ან ეუთო-ს ფარგლებში, მათ შორის, ახლაც, ბოლო დასკვნაშიც, რომელიც შეეხებოდა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს, არის ეს რეკომენდაცია გაცემული“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისთვის გასაკვირია ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის განცხადება აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, რადგან, როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ოპოზიციის თანდასწრებით ეს საკითხი არაერთხელ განუხილავთ და მათგან კრიტიკული მოსაზრებები არავის ჰქონია.

„სხვათა შორის, გამიკვირდა, რაც მოვისმინე ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადება ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის მიმართული ოპოზიციის წინააღმდეგ თუ ა.შ. გასაკვირია, რადგან ახლახან ჩატარებულ კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმასთან ერთად ჩავატარეთ, იქ ოპოზიციაც გვესწრებოდა, გვქონდა საუბარი ამ საკითხზე. იქაც შევთანხმდით და ამასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრება არავის არ ჰქონია.

ასევე, ბოლო შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნებოდა პირადობის მოწმობებს და ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, სადაც ასევე ოპოზიცია იყო სრულად წარმოდგენილი, იქაც გვქონდა ამ საკითხზე საუბარი და ყველა შევთანხმდით. ამიტომ გასაკვირია, ახლა რომ საჯაროდ, ტელევიზიების წინ ცდილობენ, კვლავ მსხვერპლად წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ეს საკითხი არის ერთ-ერთი, მათ შორის, ტესტი იმისა, რამდენად სერიოზულად ფიქრობს ოპოზიცია, რომ ჩაერთოს ცხრა რეკომენდაციის შესრულებაში. ეს სწორედ ამ რეკომენდაციების შესრულებას ემსახურება. ასე რომ, ახლა კიდევ ერთხელ არის მათთვის შესაძლებლობა, დაანახონ ქართულ საზოგადოებას და ასევე ევროკავშირს, არიან თუ არა მზად, რომ მოიქცნენ როგორც ზრდასრული ადამიანები და არა როგორც კამერების წინ პოზიორობაში მყოფი პოლიტიკოსები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა, შესაძლოა, აეკრძალოთ. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.