პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსით“ სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირება არის განსაზღვრული
პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსით“ სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირება არის განსაზღვრული

პარლამენტში წარდგენილი „შრომის კოდექსით“ განსაზღვრულია სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს თავის საქმიანობას ან მოვალეობებს. სამუშაო დროში კი, არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.

ამასთან, კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. კანონპროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი პროფესიების ჩამონათვალს.

რაც შეეხება ცვლებს, კანონპროექტით კონკრეტდება, რომ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის უწყვეტი დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები, სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება ექვს საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება და შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. პროექტით, თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დრო შეადგენს არანაკლებ ექვს საათს, შესვენების ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ინიციატივაში აღნიშნულია, რომ დასაქმებულს, რომელიც მეძუძური ქალია და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ ერთი საათის. ბავშვის კვებისთვის შესვენება კი ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

„12-საათიანი ყოველდღიური დასვენების დროის გარდა, დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებულისთვის დასვენება შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში უწყვეტად არანაკლებ 24 საათის. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია მიმდევრობით ორჯერ 24 საათიანი დასვენების დროით სარგებლობა არაუმეტეს 14 დღის ფარგლებში“, – ნათქვამია პროექტში.

ამასთან, ცვლილებებით განისაზღვრება ისიც, რომ 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და დღის განმავლობაში ექვს საათს.

„14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და დღის განმავლობაში ოთხ საათს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს კი უფლება აქვს, დასვენების დღეების გარდა, თვეში ერთხელ ისარგებლოს დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღით ან დამსაქმებელთან შეათანხმოს შინაგანაწესისაგან განსხვავებული სამუშაო დრო.

დამსაქმებელი ვალდებულია ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან ელექტრონული ფორმით და ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი გააცნოს დასაქმებულს, გარდა იმ შემთხვევისა თუ სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე ეს შეუძლებელია. დამსაქმებელი ვალდებულია სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტი შეინახოს ერთი წლის განმავლობაში. სამუშაო დროის აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ (შემდგომ – მინისტრი), სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად“, – ნათქვამია კანონპროექტში.