პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს
პარლამენტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს.

შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე იმსჯელებენ და ამ საკითხზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს განიხილავენ.

შეხვედრას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, ვენეციის კომისიამ წარადგინა უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები ყველა მიმართულებით.

„ეს მოსალოდნელიც იყო და ასევე მოსალოდნელი იყო პარლამენტის თავმჯდომარის სამოსნური ახსნა-განმარტებები. სკოლაში რომ იცოდნენ, რვეული სახლში დამრჩა, ბებიასთან დავრჩი და ამიტომ დავალება ვერ გავაკეთე, მსგავსი ტიპის თავის გამართლებები. რატომ არ გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, იმ კლანს უბრალოდ მოუწევს, მოიცადოს, სანამ ნელ-ნელა დააკომპლექტებს უზენაეს სასამართლოს. დღეს ჩვენ არ მოვედით იმისთვის, რომ ვაჩვენოთ და დავადასტუროთ, რამდენად აპირებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გაზიარებას თავმჯდომარე, თუ მსგავსი ტიპის შეხვედრები უბრალოდ არის კეკლუცობა ჩვენი უცხოელი პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეხვედრაზე ასევე მივიდა მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელმაც შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა.

ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას არ გამორიცხავს. ამასთან, მისი თქმით, რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება.

კობახიძის განცხადებით, შესაძლებელია ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღებას შეეხება.