ირაკლი კობახიძე - რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება
ირაკლი კობახიძე - რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ვერ აისახება

რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში კვოტები, პოლიტიკურია და ორგანულ კანონში ასახვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ვენეციის დასკვნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა არ შეავსოს უზენაეს სასამართლოში თავისი კვოტები, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოსამართლეთა რაოდენობა 28-მდე უნდა შეივსოს, თუმცა, შეიძლება ერთიანად არ მოხდეს, რადგან ეს დამოკიდებულია შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებზე.

„რაც შეეხება მოსამართლეთა რაოდენობას, მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა დადგენილია კონსტიტუციით. შესაბამისად, ევალებათ შესაბამის ორგანოებს, კერძოდ, საბჭოსა და პარლამენტს, რომ იმოქმედონ კონსტიტუციის შესაბამისად. რა თქმა უნდა, მოსამართლეთა რაოდენობა უნდა შეივსოს 28-მდე. თუმცა, გამომდინარე პროცედურიდან, შეიძლება ეს ერთბაშად არ მოხდეს. ეს დამოკიდებულია შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებზე, შეიძლება საბჭომაც წარმოადგინოს ნაკლები კანდიდატი, შეიძლება პარლამენტმა დაამტკიცოს ნაკლები კანდიდატი, თუმცა რაც შეეხება მითითებას, რომ არა ამოწურვამდე, სხვა მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ეს არის უკვე პოლიტიკური რეკომენდაცია და გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოებს. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ასეთი საკითხი რა თქმა უნდა, ვერ იქნება ასახული ორგანულ კანონში.

ორგანულ კანონში წერია ზუსტად ის, რაც წერია კონსტიტუციაში, რომ არანაკლებ 28 მოსამართლისგან უნდა შედგებოდეს უზენაესი სასამართლო. ამის იქით ვერ წავა ორგანული კანონი. ეს არ იყო რეკომენდაცია ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, შეიძლება პარლამენტმა მიიღოს ან ისეთი ან ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, შეიძლება სრულად არ შეავსოს საკუთარი რიგები. შეგვიძლია, ისიც გავაკეთოთ, პირველად, როცა წააგებს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებს 2024, 2028, 2032 წელს, შეგვიძლია ამის შემდეგ დავაკომპლექტოთ სრულად უზენაესი სასამართლო. ეს ნახევრად ხუმრობით, თუ ხუმრობით.

კერძოდ, ჩვენ გვექნება საუბარი არსებითად სამართლებრივ რეკომენდაციებზე, რომელიც უნდა აისახოს ორგანული კანონის პროექტში. რაც შეეხება პოლიტიკურ რეკომენდაციებს, ამაზე გვექნება მსჯელობა, თუმცა ასეთი რეკომენდაციები ბუნებრივია, არ ექვემდებარება ასახვას ორგანული კანონის პროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.