პარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნაზე იმსჯელებენ
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ინიციატივით, კომიტეტის ფარგლებში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნება. აღნიშნულ თემაზე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელებენ.
ჯგუფი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებით დაკომპლექტდება, შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული კანონების აღსრულებას გაუწევს მონიტორინგს. რეგლამენტის მიხედვით, ჯგუფი ორი თვის ვადაში შრომის უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ანალიზს და მათი მოგვარების ხედვებს წარმოადგენს.
სოფიო კილაძის განცხადებით, შემაშფოთებელია სამუშაო ადგილებზე დასაქმებულთა დაღუპვის ფაქტები. მისივე თქმით, პარლამენტარმა თითოეული ადამიანის შრომის უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს.
„სხვადასხვა რეფორმის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვყავს დაღუპული ადამიანები. ეს არის შეშფოთების საგანი. აქედან გამომდინარე, უნდა ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის შრომის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობაში დადებითად აფასებენ.
„თუკი პარლამენტი ამ კუთხით რამეს გააკეთებს და შეეხიდება ამ საქმეს, კარგი იქნება“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიგი წერეთელმა.