პარლამენტში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე შრომის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ
საქართველოს პარლამენტში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე დღეს შრომის უსაფრთხოებაზე იმსჯელებენ. სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრება.
როგორც ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, აღნიშნული შეხვედრის მიზანია საპარლამენტო აქტივობების დაგეგმვა. მათ შორის მოიაზრება კანონმდებლობის დახვეწა და პარლამენტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის აქტიურად შესრულება.
„დონორებთან გვაქვს საკოორდინაციო შეხვედრა სწორედ შრომით უფლებებთან, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და მიზანი არის, რომ კომპლექსურად დავგეგმოთ შესაბამისი საპარლამენტო აქტივობები, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საუბარია კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე. ასევე, საუბარია ზედამხედველობის ფუნქციის უფრო აქტიურად შესრულებაზე პარლამენტის მხრიდან. ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დონორების დახმარებას, დონორების მხარდაჭერას და ზუსტად ამას დავგეგმავთ ყველა ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.