პარლამენტს აქამდე დაურეგულირებელ შრომითსამართლებრივ საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა
პარლამენტს აქამდე დაურეგულირებელ შრომითსამართლებრივ საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა

საქართველოს პარლამენტს „შრომის კოდექსში“ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა. ცვლილებები ერთობლივად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა წარადგინეს. კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. პროექტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, ინიციატორები კი, მასთან ერთად არიან სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, ირაკლი კობახიძე, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ ცვლილებებით რეგულირდება აქამდე დაურეგულირებელი ან არასრულყოფილად რეგულირებული შრომითსამართლებრივი საკითხები. კერძოდ, ინიციატორების განმარტებით, ეროვნული კანონმდებლობის ევროპული კავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი გულისხმობს შემდეგი საკითხების მოწესრიგებას: დისკრიმინაციის აკრძალვა; ზეპირი და ვადიანი შრომითი ხელშეკრულება; შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები; სტაჟიორის სამართლებრივი სტატუსი; არასრული სამუშაო განაკვეთი; სამუშაო დრო; დასვენების-შესვენების უფლება; ზეგანაკვეთური სამუშაო; ცვლაში მუშაობა; ღამით მუშაობა; ორსულობის და მშობიარობის გამო შვებულება, ბავშვის მოვლის გამო შვებულება, რომელიც ასევე მოიცავს მამების ანაზღაურებად შვებულების უფლებას; შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი; მასობრივი დათხოვნა; საწარმოთა გადაცემა; გაფიცვის უფლება; კოლექტიური შრომითი მედიაცია; ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე; შრომით უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება.

„კანონპროექტის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია სამუშაო დროის, დასვენებისა და შესვენების უფლების რეგლამენტირებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ტარიფის დაწესება, ცვლაში და ღამით მუშაობის საკითხის რეგულირება. წარმოდგენილი ნორმები ძირითადად გამომდინარეობს სამუშაო დროის ორგანიზების გარკვეული ასპექტების შესახებ ევროპარლამენტისა და ევროპის კავშირის საბჭოს 2003 წლის 4 ნოემბრის 2003/88/EC დირექტივიდან“, – აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, კანონპროექტი მოიცავს ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, (მათ შორის მამებისთვის) ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების დაწესებას.