პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება ხვალ იგეგმება და სავარაუდოდ ხვალიდან ამოქმედდება ახალი რეგულაციებიც.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პანდემიის ან ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით, ხოლო პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარით.

ამასთან, ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით. ასევე, 20-ლარიანი ჯარიმა არის გათვალისწინებული ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევაზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ პირბადის ტარების წესს, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაადგენს საქართველოს მთავრობა ან მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

კანონპროექტით განისაზღვრება ისიც, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სახდელის დადებას, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი ორგანოების გარდა, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოებიც განახორციელებენ.