პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
პარლამენტმა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, მხარი არ დაუჭირა.

საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრამდე დეპუტატებმა ისაუბრეს კანონპროექტზე. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, უმრავლესობა პროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაგრამ მხარს არ უჭერს ნორმას, რომლის მიხედვით, აზარტული თამაშების გარე რეკლამის განთავსება დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს.

ამასთან ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ თუკი უმრავლესობა კანონპროექტის სულისკვეთებას იზიარებს, მაშინ პირველი მოსმენით კანონპროექტის მხარდაჭერა უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, კანონპროექტის ინიციატორი მასთან ერთად, უმრავლესობის წევრებიც არიან.

დეპუტატები დიმიტრი ცქიტიშვილი, სოფო კილაძე და გია ვოლსკი კენჭისყრის გადადებისა და შემდგომი კონსულტაციების გაგრძელების წინადადებით გამოვიდნენ, თუმცა მათი ამ შეთავაზების გაზიარება არ მოხდა.

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში. ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.