პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით, ერთი წინააღმდეგი მიიღო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა.

მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.

„პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში, ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას.

მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, – განაცხადა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული.

დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს.

უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს.

„ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, – აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს არის  საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.

„როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის  მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ. პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა.

„ამ ტიპის დოკუმენტთან, მიუხედავად იმისა რომ დეტალურ მსჯელობაში არ შევედით, ყოველთვის მზად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერი სახის ამნისტიას, პრინციპით – „რაც უფრო დიდია უკეთესია, რაც უფრო ფართოა უკეთესია“. ეს იქნება და დარჩება ჩვენს პრინციპად. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ და გექნებათ თუ კიდევ რამე მსგავსი დოკუმენტი მომზადდება. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომლებმაც დრო შესწირეს და იმუშავეს ამ პროექტზე, რომელიც  ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივის მატარებელი ქმედება და დოკუმენტია“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“  წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი  ამნისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდ პანდემიის  შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს.

„ამ ამნისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.

„ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „მხარს ვუჭერთ ამნისტიის კანონპროექტს და მხარს ვუჭერთ ჰუმანურ გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა მიმართ იმ ფარგლებში, როდესაც მართლწესრიგი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება გახლავთ გონივრულად დაცული“.

მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შეიმუშავა და რომელიც ზუსტად ამ პრინციპს მიესადაგება-ერთის მხრივ ჰუმანური მიდგომები, ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და მეორე მხრივ- საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

არჩილ თალაკვაძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ადამიანები, ვინც დღეს კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იქნებოდნენ პირველები უმწვავეს კრიტიკაში, რომელიმე პატიმარს პენიტენციური სისტემის დაუდევრობის და ჯანდაცვის სისტემის არასათანადო გადაწყვეტილების გამო საფრთხე რომ დამუქრებოდა.

„არ მეგონა, დღეს კიდევ, თუ თქვენ თავს მისცემდით უფლებას და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გააკრიტიკებდით ხელისუფლებას. იმ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც რეალურად თქვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გქონდათ ყველაზე მძიმე ჩავარდნები და ყველაზე მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „არ ეყოთ არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კეთილსინდისიერება ბევრ აქ მყოფ ოპოზიციონერს, რაც ძალიან ცუდი ამბავია“.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ამნისტიის დროს, ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც იქნება ამნისტირებული, მის დანაშაულს არავინ იწონებს – ამნისტიის აქტი არ ნიშნავს მის მიერ  ჩადენილი ქმედების მოწონებას.

„ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველა ადამიანის გასაგონად ვიტყვი, ვთხოვ პირადად, რომ აუცილებლად გაუფრთხილდნენ და დააფასონ სწორად ამ შემთხვევაში ეს მისაღები გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც მოსალოდნელია რომ იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თუნდაც ამ შეღავათთან მიმართებაში. მესმის, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს და დანაშაულის რეციდივს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, ესეც უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ამის შიშით ხელი აგვეღო ამ სწორ განზრახვაზე. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული გულისხმიერებით მიიღონ და დააფასონ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.