პარლამენტის ვებგვერდზე რამდენიმე სახის ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება
პარლამენტის ვებგვერდზე რამდენიმე სახის ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება

საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე რამდენიმე სახის ინფორმაციის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება.

შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე შევიდა. ცვლილებების გათვალისწინებით, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება – პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მოწვეული პირის წერილობითი პასუხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მოწვეული პირის კომიტეტის სხდომაზე მოსმენის აუდიოჩანაწერი;

პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელისგან ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნა და ამ მოთხოვნის საფუძველზე მიღებული ინფორმაცია;

კომიტეტის თემატური მომხსენებლის მოხსენება და ამ მოხსენების კომიტეტის სხდომაზე წარდგენის აუდიოჩანაწერი;

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური წერილობითი მოხსენება და ამ მოხსენების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის აუდიოჩანაწერი;

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილება, აგრეთვე აღნიშნული პირის მოხსენება და ამ მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი;

მინისტრის საათის ფარგლებში მთავრობის ცალკეული წევრების პარლამენტის წინაშე წარდგომის განრიგი და ინფორმაცია აღნიშნულ განრიგში ცვლილების შეტანის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრის მოხსენებით გამოსვლისა და ამ მოხსენების განხილვის აუდიო ჩანაწერი;

მთავრობის წევრის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელის მოთხოვნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი მოსმენის შესახებ, აღნიშნული პირის მოხსენება და ამ მოხსენების განხილვის აუდიოჩანაწერი;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, მისი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის აუდიოჩანაწერი და აღნიშნული ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილება, გარდა ისეთი ნაწილებისა, რომელიც რეგლამენტის თანახმად საჯარო არ არის.