პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, კანონში ცვლილებები იგეგმება
საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების მიზნით, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება.
პირველი არხის ინფორმაციით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა მყოფი დეპუტატები ორ კვოტას ხელმოწერების რაოდენობით აითვისებენ.
კერძოდ, უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატებიდან ნდობის ჯგუფის წევრი ის გახდება, რომელიც მეტ ხელმოწერას წარადგენს.
ამ დროისთვის უმრავლესობის გარეთ არიან „ევროპული საქართველო“, რომელსაც 20 დეპუტატი ჰყავს; „ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი დეპუტატით, „პატრიოტთა ალიანსი“ შვიდი წარმომადგენლით. დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით საქმიანობენ – ეკა ბესელია, ნატო ჩხეიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და მამუკა ჩიქოვანი.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფს, ამ დროისთვის ნდობის ჯგუფი დაკომპლექტებულია ორი წევრით, საიდანაც ერთი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი კვოტა მაჟორიტარი დეპუტატების რიგებიდან არჩილ თალაკვაძეს უკავია. ერთი კვოტით „ევროპული საქართველო“ იყო წარმოდგენილი, რომელმაც უმცირესობის სტატუსი დაკარგა. მათი წარმომადგენელი ნდობის ჯგუფში ირაკლი აბესაძე იყო. ნდობის ჯგუფის დატოვება მოუწია ეკა ბესელიასაც, რომელიც უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი.
ნდობის ჯგუფის ფორმირება ახალმა საპარლამენტო კონფიგურაციამ გამოიწვია, ვინაიდან უმცირესობა აღარ არსებობს და ნდობის ჯგუფში ის ორი კვოტაა ასათვისებელი, რომელიც უმრავლესობის გარეთ მყოფმა დეპუტატებმა უნდა დაიკავონ.
კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენენ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება ორ მილიონ ლარს აღემატება, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – ოთხ მილიონ ლარზე მეტია.