პარლამენტის დარგობრივ კომიტეტზე ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითვალისწინებს
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ. ცვლილებები კანონმდებლობის დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითვალისწინებს.
ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის 40 პროცენტის ოდენობით, რაც დღეს 500 ლარია. დეპუტატის თქმით, ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს სრული დასაქმების შემთხვევაში, ასევე შესაბამისად განისაზღვრება საათობრივი ანაზღაურებაც.
„კანონი არ ვრცელდება იმ კომპანიებზე, რომელთაც აქვთ 500 000 ლარზე ნაკლები წლიური ბრუნვა, რადგან ეს კომპანიები ამას ვერ აიტანდნენ. კანონპროექტი საკმაოდ კარგად ფორმულირებულია და იმედია, უმრავლესობა მხარს დაუჭერს, რადგან მისი მიღების შემთხვევაში, დაიძლეოდა უთანასწორობა, რომელიც ეკონომიკის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. ამ ცვლილებით, გაუმჯობესდებოდა 300 000 დასაქმებულის მდგომარეობა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.