პარლამენტი პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის წლიურ ანგარიშებს საშემოდგომო სესიაზე მოისმენს
საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის, სახალხო დამცველისა და გენერალური პროკურორის წლიურ ანგარიშებს საშემოდგომო სესიაზე მოისმენს.
საკანონმდებლო ორგანოს სამივე ანგარიში წერილობითი ფორმით საგაზაფხულო სესიაზე წარედგინა, თუმცა პლენარული სხდომების ფორმატში მათი განხილვა არ მომხდარა.
რეგლამენტის შესაბამისად, მთავრობის ხელმძღვანელს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარედგინა, თუმცა 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანოში მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო.
ახალი კონსტიტუციის პირობებში, საკანონმდებლო ორგანოს პირველად წარედგინა გენერალური პროკურორის ანგარიშიც, თუმცა ანგარიშის მოსმენა არ მომხდარა, რისი სავარაუდო მიზეზიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის მონაწილეობაა.
რაც შეეხება სახალხო დამცველის ანგარიშს, ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული 2018 წლის ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა, თუმცა პლენარული სხდომის ფორმატში არც ომბუდსმენის მოსმენა მომხდარა. არსებული ინფორმაციით, სახალხო დამცველის მოსმენა სექტემბერში იგეგმება.
რეგლამენტის მიხედვით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბერის მესამე პარასკევს იხურება.