პაპუნაშვილმა ისევ გაიტანა - ქართველს იგლესიასი დაეხმარა [ვიდეო]
23:29, 21.04.2018
ესპანეთში, ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში „სარაგოსამ” „ალმერიას” უმასპინძლა და ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.
სარაგოსელებმა ანგარიში 56-ე წუთზე ქართველის გოლით გახსნეს: გიორგი პაპუნაშვილმა ბორხა იგლესიასის გადაცემა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. მეორე გოლი კი თავად იგლესიასის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ”სარაგოსას” ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ 22 წლის პაპუნაშვილმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
”სარაგოსას” დიდი სამსახური გაუწია ოთარ კაკაბაძის ”ხიმნასტიკმა”, რომელმაც პაპუნაშვილის გუნდის კონკურენტ “ნუმანსიას” ქულა წაართვა 0:0. საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ ტარაგონელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.
”სარაგოსამ” 58 ქულა დააგროვა, ”ნუმანსიას” დაეწია და ლა ლიგა 2-ში მე-5 ადგილზეა – ამით, ქართველის გუნდი ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში მოხვედრის რეალურ შანსს ინარჩუნებს. “ხიმნასტიკი” კი 43 ქულით მე–15 ადგილზეა.