პაპუნა ლეჟავა - საჭიროების შემთხვევაში, ბანკებს აუცილებლად გამოვაყენებინებთ რეზერვის ბუფერს
პაპუნა ლეჟავა - საჭიროების შემთხვევაში, ბანკებს აუცილებლად გამოვაყენებინებთ რეზერვის ბუფერს

დღეს საბანკო სექტორი ფეხზე მყარად დგას და ლიკვიდობის პრობლემა არ არის. შესაბამისად არც სავალდებულო რეზერვების მოთხოვნის შემცირების საჭიროება არსებობს. საჭიროების შემთხვევაში, ბანკებს აუცილებლად გამოვაყენებინებთ რეზერვის ბუფერს,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ  საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ეროვნული ბანკის მიერ დაანონსებული ახალი სტრატეგია განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ცენტრალური ბანკი უცხოური სავალუტო რეზერვების დაგროვების ნაცვლად, დროებით ბაზრისთვის სავალუტო რესურსის რეგულარულად მიწოდებაზე გადავიდა, რათა ბაზარს კორონავირუისთ გამოწვეული დროებითი შოკის დაძლევა გაუმარტივოს.

ინტერვიუს დროს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი სრულიად განსხვავდება 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური კრიზისისგან, რომელმაც საფინანსო სექტორი დააზარალა და ამიტომ ბანკებს სახელმწიფოს დახმარება დასჭირდათ. დღეს საბანკო სექტორი ფეხზე მყარად დგას და ეკონომიკას სწორედ მისი იმედი აქვს.

„დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს. დღეს ფინანსური სექტორი მდგრადია, წლების განმავლობაში განსაკუთრებით საქართველოში იყო მაღალმომგებიანი და ბუფერებს (რეზერვს) აგროვებდა, როგორც კაპიტალის და ლიკვიდობის კუთხით. საბანკო სექტორი პირიქით მოგვეხმარება, რომ სირთულეები უფრო მარჯვედ გადავიაროთ. ბანკები და საფინანსო სექტორი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკაში. შეიძლება ითქვას, ის არის ეკონომიკის ხერხემალი და მისი მდგრადობა დღეს ამ კრიზისი შედარებით მარტივად დაძლევაში გვეხმარება“, – განაცხადა ლეჟავამ.

გადაცემის წამყვანი დაინტერესდა, რამდენად აპირებს ცენტრალური ბანკი არსებული შოკის შერბილების მიზნით საბანკო სექტორს უცხოურ ვალუტაში რეზერვების მოთხოვნა შეუმციროს, რითაც ბანკებს მეტი რესურსი გაუთავისუფლდებათ.

ლეჟავას მოსაზრებით, დღეს საბანკო სექტორში რეზერვების მოთხოვნის შემცირების საჭიროება არ დგას, მაგრამ თუ დადგა, ცენტრალური ბანკი ამ შეღავათს დაუშვებს.

„სარეზერვო მოთხოვნები ეს არის ერთ-ერთი ბუფერი, რაც გაგვაჩნია. წინა კვირაში ბანკებთან შეხვედრა გვქონდა და გავუზიარეთ, რა ზომების მიღებას ვაპირებთ, თუ ამის საჭიროება დადგა. ჩვენ კაპიტალის მიმართულებით დავაანონსეთ დაახლოებით 3 მილიარდი კაპიტალის გამოთავისუფლების შესაძლებლობა თუ საჭიროება დადგა. შედარებისთვის, დღეს საბანკო სექტორს 1 მილიარდის მოცულობის კაპიტალის ბუფერი გააჩნია დღევანდელ მოთხოვნებთან შედარებით. ჩვენი ზომები დამატებით კიდევ სამი მილიარდის ბუფერს გამოათავისუფლებს, რისი გამოყენებაც საბანკო სექტორს დაკრედიტების გაგრძელებისთვის შეეძლება. ჩვენი მიზანია, რომ დაკრედიტება არ გაჩერდეს მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში ეკონომიკური მდგომარეობა გართულდება. სწორედ ბანკებმა უნდა შეასრულონ ამ მომენტში თავისი როლი, გააგრძელონ ეკონომიკის დაკრედიტება, რათა კრიზისიდან უფრო სწრაფად გამოვიდეთ და იმ ძველ სწრაფი ზრდის ტემპს დავუბრუნდეთ, რაც ეკონომიკაში კორონავირუსამდე არსებობდა. სარეზერვო მოთხოვნები არის ლიკვიდობის ინსტრუმენტი. დღეს საბანკო სექტორში ლიკვიდობის პრობლემა არ გვიდგას, შესაბამისად სარეზერვო მოთხოვნების შემცირების საჭიროება არ არის. თუმცა ეს ბუფერი ისევე, როგორც კაპიტალის ბუფერი სწორედ ასეთი პერიოდებისთვის არსებობს და თუ დადგება ლიკვიდობის საჭიროება ან სესხების წახალისების კუთხით, ან ლიკვიდობის დახმარების კუთხით, ჩვენ ამ ბუფერს აუცილებლად გამოვაყენებინებთ ბანკებს“, – განუცხადა პაპუნა ლეჟავამ „ბიზნესპარტნიორს“.