პაპუნა ლეჟავა - ფინანსურ სექტორს სანქციების დაწესების დღიდან მოვუწოდეთ, დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ამის კონტროლი და მონიტორინგი ძალიან მკაცრად ხდება
პაპუნა ლეჟავა - ფინანსურ სექტორს სანქციების დაწესების დღიდან მოვუწოდეთ, დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ამის კონტროლი და მონიტორინგი ძალიან მკაცრად ხდება

ჩვენ ფინანსურ სექტორს სანქციების დაწესების პირველივე დღიდან მოვუწოდეთ და დავავალეთ, რომ დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, ამის კონტროლი და მონიტორინგი ძალიან სიღრმისეულად და მკაცრად ხდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკში ასევე შეიქმნა სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც სანქციების მონიტორინგზე არის ორიენტირებული.

„შეიმუშავებს პოლიტიკას, რეკომენდაციებს, იწვევს ფინანსურ ინსტიტუტებს, თუ როგორ უნდა მოხდეს შიდა პოლიტიკების შემუშავება და ასევე ამოწმებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომ ისინი ნამდვილად იცავენ სანქციებს. ამ ეტაპზე სანქციის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა გარკვეული შენიშვნები თავად შიდა პროცედურებთან დაკავშირებით გვქონია. შენიშვნებიც გაგვიცია, ჯარიმებიც დაგვიწესებია ბანკებზე. მაისის მდგომარეობით, დაჯარიმებული გვყავს 154 ინსტიტუტი. აქ შედის 144 სავალუტო პუნქტი, ერთი საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, სამი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, სამი ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი და სამი კომერციული ბანკი. რაც შეეხება დარღვევების შინაარსს, აქ საუბარია პროგრამული სისტემების გაუმართაობაზე, საყურადღებო და საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის მეთოდებზე, ხშირ შემთხვევაში ყოფილა, განსაკუთრებით, მცირე ინსტიტუტების შემთხვევაში, არ ჰქონიათ შემუშავებული შიდა კონტროლის მექანიზმები სათანადო დონეზე და ა.შ. უშუალოდ სანქციების დარღვევის ფაქტის გამოვლენა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა, თუმცა შიდა კონტროლის ხარვეზებთან დაკავშირებით შენიშვნები გვქონია. თუ დავინახავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ, შესაძლოა, მცდელობაც კი იყოს სანქციების დარღვევის, ამაზე ეროვნულ ბანკს ექნება უმკაცრესი რეაგირება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს არ გააჩნია თავისი სპეციფიკური სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ. ფინანსური სექტორი მიერთებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის სანქციებს“, – განაცხადა ლეჟავამ.