პარიზის დიდ მუზარადზე თავისი მეშვიდე მედლისთვის ბრძოლა ამირან პაპინაშვილმა ნახევარფინალში მიღებული ჰანსოკუმაკეს გამო ვერ შეძლო.
-60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოსტი ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლის დამატებით დროში მსაჯებმა აკრძალული ილეთის გამო ტურნირიდან მოხსნეს.
იაპონელ ტორუ შიშიმესთან გამართული შეხვედრის არბიტრმა მას ჯერ შიდო უჩვენა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ სამი გაფრთხილების გამო დამარცხდა, თუმცა როგორც საბოლოოდ გაირკვა იგი ტურნირიდან მოიხსნა.
საბოლოოდ, ამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი სწორედ შიშიმე გახდა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი
ლუტფილიაევი დაამრცხა. ბრინჯაოს მედლებს კი ფრანგი სედრიკ რევო და ბრიტანელი ეშლი მაკენზი დაეუფლნენ.
ამავე წონაში კვარცხლბეკზე ასვლის შანსი რეპეშაჟში დაკარგა ლუხუმ ჩხვიმინამა. პირველი მედალი კი საქართველოს ნაკრებს ლაშა შავდათუაშვილმა (-73) გაუნაღდა. რამდენიმე წუთში იგი ფინალურ შეხვედრაში კოსოვოელ აკილ გიაკოვას დაუპირისპირდება.