პანკისში სპეცოპერაციისას დაკავებულ ბადურ ჩოფანაშვილს ბრალი წარუდგინეს
ტერორიზმის ხელშეწყობისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებისთვის დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბადურ ჩოფანაშვილს ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი წარუდგინეს.
დაკავებულის ადვოკატის დალი ბარბაქაძე განცხადებით, მას საქმის მასალები გადაეცა, თუმცა ჯერ არ გაცნობია და შესაბამისად, დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
„ბადურ ჩოფანაშვილს წარედგინა ბრალი გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ტერორისტებთან კავშირს, დახმარების აღმოჩენასა და ხელშეწყობას. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.
კატეგორიულად უარყოფს ბრალს, კონკრეტულად ჩვენება ჯერ მას არ მიუცია, მაგრამ რაც შეეხება ბრალს და ბრალში ჩამოთვლილ ფორმულირებას და მტკიცებულებებს, კატეგორიულად უარყოფს. მტკიცებულება ძალიან ბევრია, ამიტომ ჯერ არ მქონდა მათი ნახვის საშუალება“,- განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის განცხადებით, ახმედ ჩატაევს არ იცნობდა.
სპეცოპერაციისას დაკავებული კიდევ ერთი პირისთვის ბრალის წარდგენა ე.წ. მოდულის შენობაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მანამდე კი აღნიშნულ საქმეზე ბრალი წარედგინათ პანკისში დაკავებულ კიდევ ორ პირს, რუსლან ალდამოვსა და ზურაბ გორნაკაშვილს.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა. სპეცოპერაცია დუისში გუშინ ჩატარდა.