როდის ცხადდება ეპიდემია პანდემიად და რა სხვაობაა მათ შორის? რას გულისხმობენ ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური პირები, როდესაც თვითიზოლაციას ან სოციალურ დისტანციას გვირჩევენ?
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ლექსიკონში ჩნდება ახალი სიტყვებიც. წარმოგიდგენთ სახელმძღვანელოს — იმ სიტყვებისა და ფრაზების განმარტებას, რომლებიც კორონავირუსის შესახებ უახლესი მოვლენებით ინფორიმირებაში დაგეხმარებათ.
პანდემია
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც დაავადება ექვს კონტინენტზე, ასზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. პანდემია არის ახალი დაავადების მსოფლიო მასშტაბით გავრცელება, რასაც თან ახლავს ძალიან ბევრი ადამიანის ინფიცირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოლო წუთამდე ცდილობდა ამ ტერმინის გამოყენებას, რადგან არ უნდოდა ამით საზოგადოებას დარჩენოდა შთაბეჭდილება, რომ დაავადება შეუჩერებელია.
„პანდემია არ არის მსუბუქად და უყურადღებოდ გამოსაყენებელი სიტყვა“, — აღნიშნა პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომმა.
ეპიდემია
ეპიდემია არის დაავადების რეგიონული, მოულოდნელი გავრცელება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მას განსაზღვრავს როგორც დაავადების ახალი შემთხვევების უცაბედ, მოლოდინზე მეტად ზრდას მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში.
COVID-19
ახალი კორონავირუსის ოფიციალური სახელია SARS-CoV-2. მისგან გამოწვეულ რესპირატორულ დაავადებას კი „კორონავირუსული დაავადება 2019“, იგივე COVID-19 ეწოდა.
კორონავირუსები ვირუსთა გარკვეულ ოჯახს ეწოდება გვირგვინის (კორონა) მსგავსი წვეტების გამო, რომლებიც ზედაპირიდან არის გამოშვერილი და წააგვანან მზის კორონას. კორონავირუსები ერთ-ერთია ადამიანებსა და ცხოველებში გავრცელებულ დიდი ოდენობით ვირუსს შორის. ახალი ვირუსი, რომელიც პირველად ჩინეთში გავრცელდა, მეცნიერთა აზრით სათავეს იღებს ღამურებიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკები ვირუსების წინააღმდეგ არ მოქმედებს, მკვლევრები ტესტავენ სხვადასხვა პრეპარატს, რომლებმაც შეიძლება, დაანგრიოს ვირუსული ცილები და ინფექცია შეაჩეროს.
საგანგებო მდგომარეობა
საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს ბუნებრივი კატასტროფების, ეპიდემიებისა თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა საფრთხეების დროს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მთავრობას დამატებით ზომებს აძლევს საზოგადოების დასაცავად, მაგალითად, რეგულაციების შეჩერება და ფინანსური სახსრების გადანაწილება დაავადების გავრცელების შესამცირებლად.
ინკუბაცია
ინკუბაციის პერიოდი არის დრო, რომელიც საჭიროა ორგანიზმში ვირუსის შეჭრიდან პირველი სიმპტომების გამოჩენამდე. ეს დრო შეიძლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყოს პრევენციისა და კონტროლისთვის, იძლევა იმ ხალხის კარანტინისა და დაკვირვების საშუალებას, რომლებიც შეიძლება, ვირუსით იყვნენ ინფიცირებული.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი ორიდან 14-დღემდეა, უმეტეს შემთხვევებში კი სიმპტომები ინფიცირებიდან ხუთ დღეში ვლინდება.
ინკუბაციის პერიოდში, სიმპტომების გამოვლენამდე, ადამიანები შეიძლება გარშემო ავრცელებდნენ ვირუსის შემცველ ნაწილაკებს, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის ვირუსის მქონე ადამიანთა იდენტიფიცირებას და იზოლირებას.
სოციალური დისტანცირება
ვირუსს შეუძლია ადვილად გავრცელდეს ხალხმრავალ ადგილებში — საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კონცერტზე თუ სპორტულ ღონისძიებაზე.
სოციალური დისტანცირება აღნიშნავს ზომებს, რომლებიც მიიღება ადამიანებს შორის ფიზიკური სივრცის გასაზრდელად, რათა ვირუსის გავრცელება შენელდეს. მათ შორის არის სახლიდან მუშაობა, სკოლების დახურვა, მასობრივი თავშეყრის ღონისძიებების გადადება ან გაუქმება, იქნება ეს მუსიკალური, ტექნოლოგიური თუ კინემატოგრაფიული ღონისძიებები.
ვირუსის გავრცელება შეიძლება შეზღუდოს სხვა ადამიანებთან სულ მცირე 1,8 მეტრიანი დისტანციის დაჭერამ, როცა კი ეს შესაძლებელია.
თვითიზოლაცია
სოციალური დისტანცირებისა თუ ხელების ხშირად დაბანის მსგავსად, ეს ზომაც საკვანძოა ვირუსის გავრცელების შეჩერებაში.
მართალია, იზოლაცია ნიშნავს დაავადებული ხალხის ჯანმრთელებისგან იზოლირებას, მაგრამ კარანტინი აღნიშნავს იმ ხალხის განცალკევებას და მათთვის მოძრაობის შეზღუდვას, რომლებსაც ვირუსის მატარებელთან ჰქონდათ შეხება, რათა მოხდეს დაკვირვება, გახდებიან თუ არა ისინიც ავად.
რატომ უნდა მოვახდინო თვითიზოლაცია? აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, თუ ბოლო დროს სტუმრობდით ვირუსის ფართოდ გავრცელების ზონებს, მაგალითად ჩინეთს, იტალიას, ირანს ან სამხრეთ კორეას, თქვენ აუცილებლად უნდა მოახდინოთ სახლში თვითიზოლაცია ამ ქვეყნებიდან დაბრუნებიდან 14 დღის განმავლობაში.
თვითიზოლაციის დროს არ უნდა მიიღოთ მნახველები, მაგრამ თუ მაინც ასე მოხდა, მათგან მუდმივად უნდა გეჭიროთ სულ მცირე 1,8-მეტრიანი დისტანცია.
თუკი 14-დღიანი იზოლაციის შემდეგ ადამიანს ვირუსი არ გამოუვლინდა, ის უკვე აღარ მიიჩნევა სარისკოდ სხვა ადამიანებისთვის.
სიკვდილიანობის მაჩვენებელი
სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მალე ინფექციის სიკვდილიანობის მაჩვენებლის უფრო სრული სურათი ექნებათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამჟამინდელი მონაცემებით დაახლოებით სამი პროცენტია, მაგრამ ექსპერტთა, ვარაუდით, სინამდვილეში ერთ პროცენტს არ უნდა აჭარბებდეს.
საბაზისო რეპროდუქციული მაჩვენებელი
ამ ტერმინით ეპიდემიოლოგები ზომავენ ინფექციური აგენტების გადამდებობას.
მარტივად რომ ვთქვათ, საბაზისო რეპროდუქციული მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად უნდა გვეშინოდეს ინფექციის. თუკი ეს მაჩვენებელი ერთზე მაღალია, ნიშნავს იმას, რომ თითოეული ინფიცირებული ადამიანი აინფიცირებს საშუალოდ ერთ სხვა პირს და მოსალოდნელია, რომ ვირუსმა გავრცელება განაგრძოს. თუ მაჩენებელი ერთზე დაბალია, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ ინფიცირებულ ადამიანთა ჯგუფმა დაავადება გაავრცელოს.
კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ზოგიერთი შეფასების მიხედვით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ თითოეულ ადამიანს საშუალოდ 2-4 სხვა ადამიანის ინფიცირება შეუძლია.
შეკავება
ვირუსის გადამდებობის მაღალი მაჩვენებელი გავრცელების შეჩერებას ძალიან ართულებს. შეკავება გულისხმობს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ზომის გამოყენებას დაავადების გავრცელების შესამსუბუქებლად. ამისათვის, ზოგიერთი ქვეყანა მის საზღვრებში ნებისმიერ შემსვლელს 14-დღიან კარანტინში ათავსებს.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პედიატრიულ ინფექციურ დაავადებათა განყოფილების დირექტორის, დოქტორ ადამ რატნერის განცხადებით, კორონავირუსი განსაკუთრებით ძნელად შესაკავებელია, რადგან ის საკმაოდ გადამდებია და ამავე დროს, ადამიანი, რომელსაც ჯერ არც თუ ისე ბევრი სიმპტომი აღენიშნება, შეიძლება ვირუსს სხვებშიც ავრცელებდეს.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.