პაატა სალია - ყველაფერი გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება ხდებოდა მიზანმიმართულად
ყველაფერი გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში კომპანიის გაკოტრება ხდებოდა მიზანმიმართულად, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, 2015 წლიდან ძალიან საეჭვოდ, რომ კომპანიის შემოსავლები მნიშვნელოვნად მცირდებოდა, თუმცა იზრდებოდა კომპანიის ხარჯები.
„აბსოლუტურად დაუსაბუთებლად, ათეულ მილიონობით ლარის ზარალის არსებობის პერიოდში კომპანიის მენეჯმენტი იღებდა ასეულ ათასობით პრემიას, რაც სხვა ნორმალურ სიტუაციაში, სხვა კომპანიაში წამოუდგენელია. კომპანიაში ხელშეკრულებებია გაფორმებული, რომლის წაკითხვისას აუცილებლად დაგებადებათ ეჭვი, რომ მეორე მხარის ინტერესი უფრო მეტია ხელშეკრულებაში, ვიდრე „რუსთავი 2“-ის . მაგალითად, ვხედავთ დავალიანებას კონკრეტული იურიდიული პირების მიმართ, რაღაც გარკვეული მომსახურების სანაცვლოდ და ვერავინ მეუბნება, რა არის ეს მომსახურება, სად არის თუნდაც ის კვლევები, რომლის სანაცვლოდ დაახლოების 600 ათასი ლარია გადახდილი. ყველაფერი ეს გვაძლევს იმ ეჭვის საფუძველს, რომ წლების განმავლობაში რომ კომპანიის გაკოტრება ხდებოდა მიზანმიმართულად. ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს, კომპანიის გენერალური დირექტორის მიერ, წლების განმავლობაში, მისი ვალდებულებების დარღვევის გამო, კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ვინაიდან საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ, უკვე დოკუმენტურად, დადასტურებულად გაიგოს, რომ არაფერ შუაში არ არის ყადაღები და მთავარი იყო მიზანმიმართული მოქმედება კომპანიის ინტერესების წინააღმდეგ. კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი საჯაროდ აცხადებს, რომ ასეულობით ადამიანს, რომელიც მისი ყოფილი თანამშრომელი იყო, დატოვებს სამუშაო ადგილების გარეშე, ანუ გაანადგურებს „რუსთავი 2“-ს. „რუსთავი 2“-ის განადგურება არ მოხდება, დამერწმუნეთ“, – განაცხადა პაატა სალიამ.
მისივე თქმით, მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებისა, „რუსთავი 2“ გააგრძელებს მუშაობას ახალი სეზონის სამაუწყებლო ბადეზე.
„მოგეხსენებათ რომ ბევრი გადაცემა წავიდა, მაგრამ სექტემბრიდან „რუსთავი 2“ გავა განახლებული კონტენტით, რომელიც კიდევ ერთხელ იქნება მისი წარმატების საწინდარი. მიუხედავად ქიბარ ხალვაშის გადაწყვეტილებისა, ის აგრძელებს თანხების მობილიზებას, კომპანიაში შემოსატანად, რომ არ მოხდეს და არ დაგროვდეს სახელფასო დავალიანება, პირველ რიგში ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ არხზე, მათ მიიღონ შრომის ანაზღაურება და ეს აუცილებლად გაკეთდება“, – განაცხადა პაატა სალიამ.