ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

გიორგი გაბუნია უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც ცნობილია ის გამოკითხვაზე დაიბარეს „რუსთავი 2“-ის ცხრაპტოცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის მიერ პროკურატურაში შეტანილი განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

გაბუნიას საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით კი, ეს „დაბარებების სერია“ ნიკა გვარამიას დაკავების და მთავარი არხის განეიტრალების მიზანს ემსახურება.

„ეს არის გაგრძელება დაკითხვების სერიის, „რუსთავი2“-ის ყოფილი ჟურნალისტების, რომლებიც ახლა მუშაობენ „მთავარ არხზე“ და „ფორმულაზე“. გამოძიებას ექნება იგივე კითხები, რა კითხვებიც ჰქონდა ნოდარ მელაძესთან, გიორგი ლაფერაშვილთან და ზაალ უდუმაშვილთან. შეიძლება გამოძიებას აინტერესებდეს, როგორ აკეთებდნენ ასეთ წარმატებულ პროდუქტს და რატომ იყო ასეთი რეიტინგული არხი, როცა ეს ადამიანები მუშაობდნენ. გაუთქმელობას რაც შეეხება, აქამდე მოწმის სახით გამოკითხული ყველა პირი დაავალდებულეს, რომ არ გაემჟღავნებინა ინფორმაცია, რაც გამოკითხვისას მათთვის ცნობილი გახდა და ეს სავარაუდოდ გიორგი გაბუნიასაც შეეხება. გამოძიება დაწყებულია ნინო ნიჟარაძის წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე 20 ივლისს. პროკურატურის, როგორც ხელისუფლების დავალებების შემსრულებლის მიზანი არის ნიკა გვარამიას დაკავება, ამის მეშვეობით მთავარი არხის განეიტრალება და მაუწყებლობის შეფერხება, რაც აქამდე ვერ მოხერხდა და ვერც მერე ვერ მოხერხდება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.