პაატა სალია - გამოიკვლიონ, რატომ ჰქონდა არხს ნიკა გვარამიას მენეჯერობის პირობებში ამხელა ვალის დაგროვების შესაძლებლობა და რატომ ხდება, რომ ახლა ერთდღიან გაფრთხილებას ვიღებთ და შემდეგ ინკასოს, ეს უსამართლოდ მიმაჩნია
პაატა სალია - გამოიკვლიონ, რატომ ჰქონდა არხს ნიკა გვარამიას მენეჯერობის პირობებში ამხელა ვალის დაგროვების შესაძლებლობა და რატომ ხდება, რომ ახლა ერთდღიან გაფრთხილებას ვიღებთ და შემდეგ ინკასოს, ეს უსამართლოდ მიმაჩნია

„რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის ანგარიშს ინკასო დაედო, ვინაიდან მიმდინარე გადასახადების დაფარვა დაგვიანდა.

პაატა სალია თანხის ოდენობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მცირე თანხა არ არის.

„დაგვაგვიანდა მიმდინარე გადასახადების დაფარვა და ამის გამო დაგვედო ინკასო. თანხის რაოდენობას ზუსტად ვერ გეტყვით, მცირე თანხა არ არის, მაგრამ ეს ფინანსური საიდუმლოებაა“ ,- განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, სალიას განმარტებით, დაგროვილი დავალიანების დაფარვაზე მუშაობა პირველი ოქტომბრიდან მიმდინარეობს. სალიას თქმით, ინკასო უნდა მოიხსნას.

„იმედი მაქვს, ჩავჯდებით გრაფიკში. ინკასო უნდა მოიხსნას, უახლოეს დღეებში ვაპირებთ მიმდინარე ვალის დაფარვას“ ,- აღნიშნა სალიამ.

რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებას, სალიას განცხადებით, ფინანსთა მინისტრთან არსებობს ზეპირი შეთანხმება, რომ თუ მიმდინარე დავალიანებას დაფარავენ, ძველი ვალის გადანაწილება და რესტრუქტურიზაცია მოხდება.

„ფინანსთა სამინისტროსთან ვმუშაობთ ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე, გადასახადების გადახდა გარდაუვალია, ამაზე არავინ დავობს. იყო ზოგიერთი ხელმძღვანელის დამოკიდებულება, რომ თუ სხვები არ იხდიან, ჩვენც არ გადავიხდით“ ,- განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, სალიას განმარტებით, გამოსაკვლევია, ნიკა გვარამიას მენეჯერობის პირობებში რატომ ჰქონდა არხს ამხელა ვალის დაგროვების შესაძლებლობა, ახლა კი ერთ დღიანი გაფრთხილების შემდეგ, ანგარიშს ინკასო დაედო.

„ფინანსთა სამინისტრო იყო ერთ-ერთი ხელშეწმყობი, როდესაც 27 მილიონის დაგროვების შესაძლებლობა მიეცა წინა დირექტორს, ნიკა გვარამიას და მის მენეჯმენტს. ესეც საინტერესოა და გამოიკვლიონ, რატომ ჰქონდა არხს ნიკა გვარამიას მენეჯერობის პირობებში ამხელა ვალის დაგროვების შესაძლებლობა და რატომ ხდება, რომ ახლა, ერთ დღიან გაფრთხილებას ვიღებთ და შემდეგ ინკასოს, ეს უსამართლოდ მიმაჩნია. არ არის მარტივი პროცესი ძველი დავალიანებების ერთიანად გასტუმრება, როდესაც კრიზისიდან გამოდის არხი. არ ვიცით, მომავალ წელს რა შემოსავალი იქნება, ამას მუშაობა სჭირდება. არ გვინდა, ისეთ გრაფიკზე შევთანხდეთ, რომ იყოს ისეთი თანხა, რომლის გადახდასაც ვერ შევძლებთ და შემდეგ ისევ ინკასო დაგვადოს უკვე გაცილებით დიდი თანხის დაგროვების გამო“ ,- განაცხადა პაატა სალიამ.

ფინანსთა სამინისტროს მიერ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო დაედო.

ფინანსთა სამინისტრომ მედიასაშუალებები 23 დეკემბერს სპეციალური განცხადებით გააფრთხილა და ერთდღიანი ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.