„რუსთავი 2“-ში აცხადებენ, რომ არხის ხელმძღვანელობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსტულტაციებს გადის, რათა მაუწყებლობა არ შეფერხდეს
„რუსთავი 2“-ში აცხადებენ, რომ არხის ხელმძღვანელობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსტულტაციებს გადის, რათა მაუწყებლობა არ შეფერხდეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში აცხადებენ, რომ ინფიცირებულ თანამშრომელთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის მოძიება მიმდინარეობს, უახლოეს საათებში კი მათი ტესტირება დაიწყება.

როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, ტელეკომპანია ამ სიტუაციისთვის პანდემიის დაწყების დღიდან მზად იყო.

„ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ის გადაყვანილია სტაციონარში. ჩვენ ასეთი მდგომარეობისთვის მზად ვიყავით ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ეტაპიდან, შემუშავებული გვაქვს სპეციალური პროტოკოლი, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ ვითარებაში. გავდივართ აქტიურ კონსულტაციებს და უშუალო კონტაქტზე ვართ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ვასრულებთ მათ რეკომენდაციებს. პირველ რიგში, რასაც ახლა ვაკეთებთ, არის ის, რომ მოძიებულ იქნას ყველა პირდაპირი კონტაქტი. გარდა ამისა, უკვე მივიღეთ ზომები, რომ ჩატარდეს ტესტები. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ჩვენს თანამშრომელთან, უნდა ჩაუტარდეს ტესტი და უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ გვეცოდინება, უდასტურდებათ თუ არა ვირუსი მის უშუალო კონტაქტებს. იმედი გვაქვს, ასე არ იქნება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაიტესტება ყველა თანამშრომელი.

როგორც სალიამ განაცხადა, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მუშაობს იმაზე, რომ „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა არ შეაფერხოს.

„ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ მოქმედებას, რაც აუცილებელია, რათა ტელევიზიამ არ შეაფერხოს მაუწყებლობა, თუმცა შეიძლება, უახლოესი ერთი-ორი დღის განმავლობაში გარკვეული ცვლილებები იყოს, მაგრამ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. იმედი გვაქვს, რომ ეთერზე ეს არ აისახება და ჩვენი მაყურებელი, ისევე როგორც აქამდე, ინფორმაციას „კურიერის“მეშვეობით მიიღებს და ასევე, ნახავს ყველა სხვა გადაცემას“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსტულტაციებს გადის, როგორ განაგრძოს ტელევიზიამ მუშაობა, რათა მაუწყებლობა არ გაჩერდეს.

„ვინაიდან ჩვენთვის ეს სიტუაცია მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჟურნალისტები წინა ხაზზე იმყოფებიან და ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, თითოეულმა ჩვენგანმა მაყურებლის ინფორმირებისთვის საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ რისკი, ამ სამწუხარო სიტუაციისთვის მზად ვიყავით. პროტოკოლის თანახმად, სამი ძირითადი ეტაპია. პირველი – სიტუაციის და რისკების შეფასება, რომელ სტადიაზეც ჩვენ ახლა ვართ; მეორე – ამ რისკების მართვა და შემცირება. უპირველეს ყოვლისა, მართვა გულისხმობს, რომ ყველა თანამშრომელს, რომელიც ინფიცირებულთან იყო კონტაქტში, ჩაუტარდეს ტესტირება, ეს დაიწყება უახლოეს საათებში.

მესამე სტადია არის ის, რა ცვლილებები უნდა შევიდეს ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგში. აი, ამაზე მიდის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ამ წუთებში მუშაობა და ჩვენ შესაბამის პროტოკოლს დავნერგავთ, რომ ეთერი არ გაჩერდეს. სამწუხაროდ, ეს დღევანდელ ეთერზე აისახა. დღეს დაგეგმილი იყო „ღამის კურიერი“ და მივიღეთ გადაწყვეტილება, მხოლოდ დღეს ეს გადაცემა ეთერიდან მოგვეხსნა. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ  იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ ბოლომდე არ გვაქვს რისკები შეფასებული და ჩვენ არ გვინდა, ჩვენი ოპერაციით საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სხვები“, – განაცხადა იმნაიშვილმა.