პაატა სალია - ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არის ცალსახა, ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან 
პაატა სალია - ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არის ცალსახა, ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან 

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ გეგმავს არხის ყოფილ ხელმძღვანელთან, ნიკა გვარამიასთან და იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მენეჯმენტის ნაწილში.

როგორც პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის შენობაში შესვლამდე განაცხადა, ტელევიზიაში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

„სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს და არ ჩაერევა, სრული თავისუფლება და დამოუკიდებლობა გექნებათ. კონკრეტული ამოცანა მაქვს განსაზღვრული და ამ მიმართულებით არ უნდა ჩავერიო, არ უნდა შევეხო საერთოდ ამ სფეროს. ჩემი სფეროა, შევისწავლო სამართლებრივი, ფინანსური მდგომარეობა. მარტო მე არა, მას სჭირდება მოწვეული სპეციალისტები, მაქსიმალური გამჭვირვალობით, ვეცდებით, შევისწავლოთ, გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ახლა ქიბარ ხალვაშმა, რომ შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გეგმა განვსაზღვროთ. ამისთვის ვარ დღეს მოსული, რომ შევხვდე ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებს. ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას ვინც პასუხისმგებელია არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში. არ ვგეგმავთ საკადრო ცვლილებებს. დღეს დავურეკე ნიკა გვარამიას, არ მიპასუხა, მივწერე, არ მიპასუხა, ვუთხარი, მოსვლა მინდა და მენეჯმენტთან შეხვედრა, არ მიპასუხა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშის პოზიცია ნიკა გვარამიასთან მიმართებაში არის ცალსახა, რომ ის გათავისუფლებულია თანამდებობიდან.

„ნიკა გვარამიას კონტრაქტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ერთ-ერთი მიზანი აქ მოსვლის არის, რომ გავეცნო ყველა დოკუმენტს“, – განაცხადა სალიამ.

ამ დროისთვის პაატა სალია ნიკა გვარამიას ხვდება.