პაატა კოკაია - უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს
უნდა გავიხედოთ აზიის, განსკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინელი ტურისტი ყველაზე მხარჯველი ტურისტია მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინ გრუპის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში ქართული სასტუმრო ინდუსტრია და მისი პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სასტუმროების განვითარების ერთ-ერთ პერსპექტიულ ადგილს დღეის მდგომარეობით ქუთაისი წარმოადგენს, საიდანაც ტურისტებს მრავალი მიმართულებით შეუძლიათ წასვლა. კოკაიას მოსაზრებით, ტურისტულ ნაკადებში წინა წლებისაგან განსხვავებით კლება შეიმჩნევა, რაც სასტუმროს ბიზნესსაც დაეტყო.
„რამდენიმე წლის წინ ძალიან აღმავალი ტრენდი ჰქონდა ჩვენს ბიზნესს, უფრო მეტი ტურისტი შემდიოდა, ვიდრე ჩვენ სასტუმროების გაკეთებას ვასწრებდით. ახლა სამწუხაროდ, ასე არ არის“, – განაცხადა კოკაიამ.
მისი განმარტებით, პრაქტიკულად ყველა ტურისტული ბაზარი ნელ-ნელა იკლებს, ამიტომ დროა, ქვეყანამ მეტი ყურადღება მიაქციოს აზიის, განსაკუთრებით კი ჩინეთის ბაზარს, რადგან ყველაზე პოტენციური დიდი ტურისტული ბაზარი სწორედ ჩინეთია, ჩინელი ტურისტი კი – ყველაზე მხარჯველი.
„უნდა გავიხედოთ აზიისკენ, რადგან ნელ-ნელა ყველა ბაზარი იკლებს. არაბეთის ბაზარიც უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. ამას თავისი წინაპირობები აქვს, ბევრს საზღვრიდან უკან აბრუნებენ. იყო შემთხვევები, როდესაც სერიოზულმა ბიზნესმენებმა ვერ გადმოლახეს საქართველოს საზღვარი. ძალიან კარგია, რომ მარტიდან ტაილანდის პირდაპირი ჩარტერი იხსნება, რაც ქვეყანას ძალიან წაეხმარება, რადგან მე ვფიქრობ, უნდა იყოს ტაილანდიც, მაგრამ ყველაზე დიდი ბაზარი, რა თქმა უნდა, ჩინეთი უნდა იყოს. შარშანდელი სტატისტიკა რომ ვნახეთ, ჩინელ ტურისტს მთელ მსოფლიოში 300 მილიარდი აშშ დოლარი აქვს დახარჯული. ეს დაახლოებით რომ შევადაროთ და პირველი ათი ადგილი ავიღოთ, გამოდის, რომ დანარჩენ ცხრას იმდენი არ აქვს დახარჯული, რაც ჩინელ ტურისტს“, – განაცხადა კოკაიამ.
მისი მოსაზრებით, ჩინეთის ბაზრის ათვისებისთვის აუცილებელია ჩარტერული ფრენების განვითარება, ქვეყნის ცნობადობის გაზრდა და ვიზების გამარტივება.
„მაგრამ ჩინეთის ბაზარზე რომ გავიდეთ, რამდენიმე რამ გვჭირდება. პირველ რიგში უნდა გაკეთდეს კლიპები საქართველოს შესახებ ჩინურ ენაზე, მეტი ცნობადობა უნდა იყოს, საელჩო უნდა ჩაერთოს და ადვილად უნდა აიღონ ვიზა. ჩვენ გვყავს პარტნიორები ჩინეთიდან და ეს ბიზნესმენი კაცი ჩამოდიოდა 10 დღიანი შვებულება ჰქონდა და ეგონა აქ გაატარებდა, მაგრამ აქ ორ დღეზე მეტი ვერ გაატარა, ვიდრე ვიზა აიღო შვებულება დაუმთავრდა“, – განაცხადა კოკაიამ.
„ინ გრუპის“ დამფუძნებლის განმარტებით, გამარტივებული სავიზო რეჟიმის შედეგად ჩინეთიდან შემოსული ტურისტების ქვეყანაში დარჩენა რომ არ მოხდეს, შესაძლებელია გარკვეული პრევენციული მექანიზმების მოფიქრებაც.
„რომელიღაც ტურისტი შეიძლება დარჩეს, მაგრამ მე მქონდა ასეთი მოსაზრება, რომ ტურისტის შემომყვანმა ფირმამ დადოს საგარანტიო 200 000 აშშ დოლარი და ყოველ დარჩენილ ტურისტზე რაღაც თანხა ჩამოეჭრას, რაც მერე იმ კაცის მოძიებას და გადეპორტებას მოხმარდება. ანუ რაღაც დაცვის მექანიზმი რომ არსებობდეს, რომ ტურისტულმა ფირმამ ყველა არ შემოიყვანოს და მერე აქ დატოვოს“, – განუცხადა პაატა კოკაიამ „ბიზნესპარტნიორს“.