პაატა იმნაძე - უკვე ვიცით, როგორ შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლა, ამიტომ რჩება ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები და მეტი თვითშეგნება
პაატა იმნაძე - უკვე ვიცით, როგორ შეიძლება კორონავირუსთან ბრძოლა, ამიტომ რჩება ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები და მეტი თვითშეგნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, როცა ახალი ვირუსის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მთავარი რეკომენდაცია ადამიანების მობილობის მაქსიმალურად შეზღუდვა იყო.

იმნაძის თქმით, აღნიშნულის საშუალებით მოხერხდა, რომ საქართველოში დაავადება ფართოდ არ გავრცელდა.

პაატა იმნაძის განმარტებით, ახლა, როცა ცნობილია, როგორ შეიძლება ვირუსთან ბრძოლა, ნაკლები შეზღუდვა რჩება.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მოქალაქეებმა თავად უნდა გამოიჩინონ თვითშეგნება და წესებს დაემორჩილონ.

„როდესაც საერთოდ არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი უპირველესი რჩევა, რეკომენდაცია იყო ის, რომ მაქსიმალურად შეგვეზღუდა ადამიანების მობილობა, რათა დაავადებისთვის გავრცელების შანსი არ მიგვეცა. თქვენ როგორ შეხედავთ, არ ვიცი, მაგრამ მე მგონია, მოვახერხეთ, რომ არ გავრცელდა ქვეყანაში დაავადება.

ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც მეტ-ნაკლებად ამ ვირუსს ვიცნობთ. სამწუხაროდ, მასში ჯერ კიდევ ბევრი რამ ამოუცნობია, მაგრამ უკვე ვიცით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა. ამიტომ დღეს რჩება ნაკლები სახელმწიფო შეზღუდვები, მეტი ჩვენი თვითშეგნება.

არ გვინდა რომ ვირუსი იყოს ფართოდ გავცელებული? დავიცვათ ელემენტარული წესები. თუ არ დავიცავთ, სამწუხაროდ, ვირუსი ისევ გავრცელდება. კი, ამას ნაკლები შეზღუდვები მოჰყვება, ისეთი აღარ იქნება, მაგრამ სასიამოვნო ხომ არაა, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქე ჰოსპიტალიზირებული იქნება“, – განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ ფრენებისა და საზღვრების გახსნის საკითხზეც ისაუბრა.

„როცა ასეთი რამ ხდება, როცა შენ რაღაცას გაგიხსნიან და გამონაკლისი ხარ მთელს მსოფლიოში, ყველაფერი ჩემს გადაწყვეტილებაზე იყოსო, არ არის. ჩვეულებრივ ეს ორმხრივია ხოლმე. ეს იქნება ჩვეულებრივ მოლაპარაკების საგანი. ვნახოთ, რა პირობები იქნება, რომელი იქნება ჩვენთვის მისაღები, რომელი – არა“, – დასძინა პაატა იმნაძემ.