მაკა ბულეიშვილი - ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის დროს ადამიანებს ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არ აქვთ და გადაადგილდებიან, ვხედავთ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვირუსი მეოთხე-მეხუთე დღეს უფრო დასტურდება ხოლმე
მაკა ბულეიშვილი - ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის დროს ადამიანებს ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არ აქვთ და გადაადგილდებიან, ვხედავთ, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში, ვირუსი მეოთხე-მეხუთე დღეს უფრო დასტურდება ხოლმე

ელემენტარული სიმპტომების აღმოჩენისთანავე ტესტირების ჩატარება მიზანშეწონილი არ არის, – ამის შესახებ პროფესორმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა, მაკა ბულეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ამბობენ, რომ ტესტირება ჩაიტარეს და ანტიგენის ტესტი უარყოფითი იყო. ასეთი ადამიანები შემდეგ გადაადგილდებიან, რადგან ჩატარებული ტესტირების შედეგად ჰგონიათ, რომ კორონავირუსი არ აქვთ და ამ დროს, ისინი შესაძლოა გამავრცელებლები გახდნენ, რადგან რასაც ვხედავთ, „ომიკრონის“ შემთხვევაში მეოთხე-მეხუთე დღეს უფრო დასტურდება ხოლმე“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს.

„რასაც სამი კვირის განმავლობაში ვუყურებ, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მწვავე რესპირატორული დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არის, მაგრამ 5-6 დღის შემდეგ შედარებით, პრაქტიკულად ნელ-ნელა, თითქმის ლაგდება. მთავარი საკითხი ალბათ არის ის, რომ ჰოსპიტალიზაციას მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი საჭიროებს“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა საყურადღებოა.

„მე არ მინდა, მოსახლეობამ ისე გაიგოს, თითქოს „ომიკრონით“ დასნებოვნების შემთხვევაში არანაირი ღონისძიებები არ უნდა მივიღოთ. სიმპტომები, რომელიც არის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელვყოთ. ეს სიმპტომები უმნიშვნელოვანესია და მას მონიტორინგი ესაჭიროება“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა იზოლაციის პერიოდის გადახედვა, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში სხვადასხვაგვარად მოხდა, მაკა ბულეიშვილმა უპასუხა, რომ მისი აზრით, იზოლაციის ხანგრძლივობა გადაიხედება.

„შემდგომში თუ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება მცირე სიმპტომებით წარმოდგენილი, რომელთა ბინაზე მართვა ოჯახის ექიმს მარტივად შეუძლია, ვფიქრობ, ეს საკითხი გადაიხედება“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევაში, სიმძიმის მიუხედავად, ყველა ადამიანს აქვს იმის მოთხოვნილება, რომ მას ოჯახის ექიმი დაუკავშირდეს და თუ იზოლაციის პერიოდი შემცირდება, ადამიანებს საშუალება ექნებათ, პირად ექიმთან პირადად მივიდნენ.

„პაციენტს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სიმპტომი და ჩვენ ვიცით, რომ იზოლაციის პერიოდის დამთავრებიდან 24 საათის განმავლობაში მას შეუძლია ნიღბით გავიდეს. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პირად ექიმთან კონსულტაციის გავლა – არა ონლაინ, არამედ პირისპირ. ჯერჯერობით, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის“, – განაცხადა ბულეიშვილმა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა ექსპერტმა ასევე განაცხადა, რომ საყოველთაო დაზღვევა გარკვეული კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს, რითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ.

„საყოველთაო დაზღვევა აბსოლუტურად ყველას ეკუთვნის, ასაკითაც და სტატუსითაც, მაგრამ აქ პაკეტებია სხვადასხვა. ყველა ადამიანს შეუძლია, საყოველთაო დაზღვევით ისარგებლოს. სტუდენტებისა და პენსიონერების შუაში ასაკობრივ ჯგუფს ვგულისხმობ, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა. მათ, აბსოლუტურად ყველას აქვს საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ სარგებლობენ, ხშირ შემთხვევაში კი არც იციან, მათი პირადი ექიმი ვინ არის. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სპეციალური პორტალი, სადაც ადამიანებს პირადი ნომრის საშუალებით შეეძლოთ, მოეძებნათ პირადი ექიმი, მაგრამ არის ისეთი ფენაც, რომელიც კომპიუტერით ვერ სარგებლობს და ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1505-ზე დარეკონ, სადაც პირადი ნომრის მიწოდების შედეგად ოპერატორი გადასცემს ინფორმაციას, რომელ პოლიკლინიკაში იმყოფება აღრიცხვაზე და ეს კონკრეტული ამბულატორია სად მდებარეობს“, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

დატოვე კომენტარი