პაატა იმნაძე - უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში „ომიკრონი“ ცირკულაციას დაიწყებს
პაატა იმნაძე - უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში „ომიკრონი“ ცირკულაციას დაიწყებს

უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში „ომიკრონი“ ცირკულაციას დაიწყებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

„რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი ერთი თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი ცირკულაციას დაიწყებს. მანამდე, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება, ჯერ არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა და ყველა გამოკვლეულია. ბოლოს და ბოლოს, რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ ქვეყანაში გამოჩნდება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, პაატა იმნაძემ ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობაზე.

„გუშინ გამოქვეყნდა ბოლო კვლევები. ორ დოზა „ასტრაზენეკას“ და ერთ დოზა „ფაიზერს“ აქვთ დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ „ფაიზერით“ აცრას დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული, ამიტომ ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, ანუ სამი აცრა პრინციპში „ომიკრონისგან“ საკმაოდ ეფექტურად დაიცავს.

თუ გვინდა ინფიცირებისგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისგან თავდაცვა, ეს არის ვაქცინაცია. ეს არის ორი ძირითადი რეკომენდაცია, რაც დაცული უნდა იყოს“, – განაცხადა იმნაძემ.