პაატა იმნაძე - სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ძალიან კარგად მუშაობს, უბრალოდ, მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც სიმპტომები არის გამოხატული
პაატა იმნაძე - სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ძალიან კარგად მუშაობს, უბრალოდ, მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც სიმპტომები არის გამოხატული

სწრაფი ტესტი „ომიკრონის“ შემთხვევაშიც ძალიან კარგად მუშაობს, უბრალოდ, ის მაშინ უნდა გაკეთდეს, როდესაც სიმპტომები არის გამოხატული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„აბა, საიდან მოდის ეს რიცხვები, უმრავლესობა არა, მაგრამ ნახევარი მაინც ხომ სწრაფი ტესტით არის დადასტურებული?! ანუ, იჭერს ხომ?! „კოვიდი“ არის „კოვიდი“, გინდ „ომიკრონი“ იყოს და გინდ სხვა. ზაფხულში ზუსტად იგივე ხდებოდა, როცა ამბობდნენ, ახალი, „დელტა“ ვარიანტი გამოჩნდა და მას სწრაფი ტესტი არ იჭერსო. ამოიღეთ ზაფხულის არქივი და ნახავთ, რომ მაშინაც ზუსტად იმავეს ლაპარაკობდნენ“, – განაცხადა იმნაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ უდასტურდება მოქალაქეების საკმაოდ დიდ რაოდენობას კორონავირუსი სწრაფი ტესტით მაშინ, როდესაც მათ „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ახლა არის მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და გრიპის სეზონი და ჩვეულებრივი გრიპებიც ცირკულირებს.

„ვისაც მწვავე რესპირატორული დაავადებების რამე სიმპტომი ექნება, აუცილებელი არ არის, ყველას „ომიკრონი“, ანუ „კოვიდი“ ჰქონდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, „კოვიდი“ წამყვანია და სამწუხაროდ, ის რჩება წამყვან დაავადებად“, – განაცხადა იმნაძემ.

მისი თქმით, ასეთი კოლოსალური დატვირთვის პერიოდში ქვეყნის სამედიცინო სისტემა ეპიდემიას საკმაოდ კარგად უმკლავდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, ავადმყოფთა რაოდენობის მიხედვით, იანვრის ბოლო რიცხვები და თებერვლის პირველი დეკადა ყველაზე მძიმე იქნება და საპროგნოზო მაჩვენებელი არის დღიურად 15 000 შემთხვევა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, არის თუ არა ქვეყანა პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავების ეტაპზე, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ „ომიკრონის“ ტალღის დაწყებამდე მოსახლეობის 70 პროცენტამდე იმუნური იყო, ან აცრილი იყო, ან გადატანილი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, „ომიკრონი“ არც წინა ვარიანტების გადატანას ცნობს და მათ შორის, ორჯერ აცრილებსაც ემართება.

„საბედნიეროდ, ძალიან მსუბუქად, მაგრამ მაინც ემართებათ. სამწუხაროდ, ალბათ, „ომიკრონი“ კიდევ ერთხელ ჩამოივლის და ამ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად“, – განაცხადა იმნაძემ.

შეკითხვაზე, რატომ არ ხდება დაწესებული რეგულაციების აღსრულების კონტროლი, მაგალითად, სამთო კურორტებზე, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ შეუძლებელია, აღსრულების კონტროლი მასშტაბურად განხორციელდეს.

„ყველა კუთხეში თითო პოლიციელს ხომ არ მიამაგრებენ, რომ მოქალაქეებს ქუჩაში სდიონ, რათა სადმე არ მოიხსნან პირბადე?! ან, თითო მოთხილამურეს თითო პოლიციელს ხომ ვერ დაუყენებენ? ვფიქრობ, ქვეყანაში, პირველ რიგში, მოსახლეობის განათლების დონეა მოსამატებელი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.