პაატა იმნაძე - კედლები და საწოლები არაფერს წყვეტს, საჭიროა პერსონალი
პაატა იმნაძე - კედლები და საწოლები არაფერს წყვეტს, საჭიროა პერსონალი

​ჰოსპიტალურმა სექტორმა ვერ გაუძლო მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში, ყველაზე მძლავრ ქვეყნებში, ყველაზე დალაგებულ და ფინანსურად უზრუნველყოფილ ქვეყნებში და ამიტომ აცხადებენ იმ ლოკდაუნებს დასავლეთის ქვეყნებში, რათა რამენაირად, შეამცირონ დატვირთვა ჰოსპიტალურ სექტორზე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე სიტუაციაა, თუმცა ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ჩვენი ჰოსპიტალური სექტორი უმკლავდება.

„თუმცა, ეს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ჭირს და პირველ რიგში, აქ რეალობა არის, რომ კედლები და საწოლები არაფერს არ წყვეტს, საჭიროა კიდევ პერსონალი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პაატა იმნაძემ ისაუბრა სხვადასხვა პროფილის ექიმების, სტუდენტების გადამზადების შესახებ.

„მთელი ზაფხული მიდიოდა ამაზე მუშაობა. ჩვენთან, ჩვენს სამსახურში, ეპიდსამსახურში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებში, ლაბორატორიებშიც უამრავი ახალგაზრდა გვყავს უკვე. შეიძლება, ითქვას, რომ იგივე ჩვენს ლაბორატორიაში, ლუგარში თითქმის ნახევარი არიან ამ ზაფხულს აკრეფილი ჩემი ახალგაზრდა კოლეგები, სხვადასხვა პროფესიის ექიმები, ბიოლოგები, რომლებიც ძალიან კარგად ჩაერთვნენ საქმეში და პრაქტიკულად, მათზე გადადის ძალიან დიდი ტვირთი“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ვერ უძლებს არსებულ დატვირთვას იმ მოხალისეებიდან, ახალგაზრდებიდან, ვინც მიდიან სამუშაოდ.

„აქვე, მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და დასამალი აქ არაფერი არ არის, ყველა ინფორმაცია ღიაა, ჩემს სამსახურიც დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მათ შორის, არა მარტო ეპიდსამსახურში, არამედ ლუგარის ლაბორატორიაშიც ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, უკვე გვაქვს დაახლოებით ათამდე შემთხვევა ინფიცირების, მაგრამ არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს სამსახურში გადაცემის შემთხვევა. ანუ ინფიცირებულები მოდიან ჩვენთან და ეს ნორმალურია, რადგან ოჯახებიდან ხდება ინფიცირება ადამიანების. ამიტომ ჩემს კოლეგებს მივმართავ პირველ რიგში, სად ხდებიან ისინი ავად. გასაგებია, რომ ერთი გახდება ავად, შეიძლება ავადმყოფიდანაც ან ოჯახში, შეიძლება ისინი ავადმყოფთან კარგად იცავენ თავს, მაგრამ მერე სამწუხაროდ, როცა ცოტა დროს მონახავენ, რათა საჭმელი შეჭამონ, ერთად რომ ჭამენ ხოლმე, თუ ერთი არის ინფიცირებული, ყველას გადასდებს. აქედან გამომდინარე, როგორც ჩემთან სამსახურში, ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე ვჭამთ. რა ვქნათ, ასეთი ცხოვრება დადგა, რომ აქაც კი ერთმანეთს ვერიდებით, სულ ნიღბებით დავდივართ და როდესაც რაღაც ბავშვები საჭმელს ჭამენ ხოლმე, ცალ-ცალკე ჯდებიან და ისე ჭამენ, რომ ერთმანეთი არ დაასნებოვნონ, აი, ყველა თუ არ გავითავისებთ, რომ ეს კორონა ასეთია, ვერ მოვიშორებთ ისე თავიდან. ახლა აღარ მინდა ლაპარაკი, რაც უნდა დავიცვათ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმები უფრო გადატვირთული არიან, ვიდრე მათი კოლეგები კლინიკებში.

„ამიტომ, ოჯახის ექიმს გაცილებით ნაკლები პაციენტი ჰყავს მისახედი თავის უბანზე, ვიდრე ჩემს კოლეგებს. მესმის, რა იწერება სოციალურ ქსელში, მე პირადადაც მაქვს უამრავ ადამიანთან შეხება, საქართველოა და თბილისია, უამრავი ნაცნობი და მეგობარი მყავს, მეც უშუალოდ ვიცი ეს ისტორიები ყველაფერი. სამწუხაროდ, როცა ეპიდემიაა ქვეყანაში, როცა ამდენი ავადმყოფია ქვეყანაში, პრობლემები იქნება. ამიტომ ვიხვეწებოდით გაზაფხულიდან მოყოლებული, რომ ერთმანეთს მოვფრთხილებოდით, ჩვენს ქვეყანას მოვფრთხილებოდით, რომ დაგვეცვა ელემენტალური წესები, რომ გვეტარებინა ნიღაბი და დაგვეცვა დისტანცია, ეს რომ არ ყოფილიყო. გამოსავალი იქნება იცით რა – როცა ერთმანეთს მოვუფრთხილდებით, ჩვენს ქვეყანას მოვუფრთხილდებით და როცა ექიმებს საშუალება მიეცემათ, რომ ყველა პაციენტს მიხედონ, ეს არის გამოსავალი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.