პაატა იმნაძე - მედიაში მედიკამენტის დასახელება იწვევს აჟიოტაჟს, დაიტაცებენ და თუკი არ იციან, როდის უნდა გამოიყენონ, ამან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმუნურ სისტემაზე
პაატა იმნაძე - მედიაში მედიკამენტის დასახელება იწვევს აჟიოტაჟს, დაიტაცებენ და თუკი არ იციან, როდის უნდა გამოიყენონ, ამან უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს იმუნურ სისტემაზე

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მოდით, მკურნალობა მივანდოთ იმათ, ვისაც ეს ეხებათ, ჩვენს ძალიან მაღალ დონეზე მომზადებულ სამედიცინო პერსონალს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა დღეს გამოვლენილ კორონავირუსის სამ ახალ შემთხვევასთან დაკავშირებით.

„სამივე ახალი შემთხვევა არის ცნობილი ისტორიით, დაავადების ანამნეზით ერთი არის საფრანგეთთან დაკავშირებული, ორი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მაგრამ არ არიან იმ ცნობილი დიდი კლასტერების წარმომადგენლები“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკით.

„​კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური – 82, მინიმალური – 2 წელი“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებთან დაკავშირებული კითხვის პასუხად კი, პაატა იმნაძემ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებებისგან თავი შეიკავა.

„მედიკამენტის დასახელება მედიაში იწვევს ხოლმე შემდეგ იმას, ანტიმალარიული საშუალების დასახელებას რაც მოჰყვა, ატყდა ასე ვთქვათ, აჟიოტაჟი და დაიტაცეს მაღაზიებიდან მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის იმუნურ სისტემაზე, თუ არ იცის, როდის არის მისი გამოყენება საჭირო. ამიტომ, მოდით მივანდოთ ეს საქმე პროფესიონალებს, რომელთა მთელი გუნდი არის მთელი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობს, რომელიც ადგენს ამ პროტოკოლებს და მივანდოთ საქმე თავის მცოდნე ადამიანებს, იმათმა გადაწყვიტონ მედიკამენტების საკითხები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.