ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა პროკურატურისგან მიღებული პასუხი გაასაჩივრა და მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა.
ბურჭულაძის ადვოკატის განცხადებით, საუბარია პროკურატურაში 7 მარტს შეტანილ მოთხოვნაზე, დაიწყოს გამოძიება იმ გარემოების გამო, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც საქმეში არსებულ კონფიდენციალურ მტკიცებულებებს შეეხებოდა.
ბარათაშვილის განცხადებით, პირმა ლაშა ნაცვლიშვილს საქმის მასალები გააცნო. ამ პირის ქმედებაში იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები და მის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაწყებულიყო.
ადვოკატისთვის გაგზავნილ პროკურატურის პასუხში წერია, რომ გარემოებების შესწავლის შედეგად გამოძიების დაწყების წინაპირობები არ არსებობს. სწორედ აღნიშნული პასუხი გაასაჩივრა დღეს პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა.