ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა
ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა

ოზურგეთის დრამატული თეატრის თაღებში ქართველი გამოჩენილი მომღერლის, ლოტბარის, კომპოზიტორის, მსოფლიოს სხვადასხვა არქივში მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებლისა და გამომცემლის, ანსამბლების – „რუსთავისა“ და “მართვეს“ დამაარსებლის, ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილე აღინიშნა.

საიუბილეო საღამოს ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ხელისუფლებისა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე ქართულ ტრადიციულ სიმღერები შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა. იუბილეზე გამოფენილი იყო ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი.

„განუსაზღვრელია ჩემი ემოციები. იმდენი საქებარი სიტყვა იყო ჩემ მიმართ, რომ გაოგნებული ვარ. ჩემი განვლილი გზის განმავლობაში ნუთუ, ამდენი სიკეთე გაკეთდა ჩემი მხრიდან, რომ ამდენი მადლობის ღირსი გავხდი. ღმერთს ვევედრები, ისე ნუ წავალ ამ ქვეყნიდან, მინდა რომ ჩემი ბაგეებიდან გადმოსული ბოლო სიტყვა იყოს – „მადლობა“, – განაცხადა ანზორ ერქომაიშვილმა.

საიუბილეო საღამო ფოერვერკით დასრულდა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

ანზორ ერქომაიშვილს 80 წელი დღეს შეუსრულდა.  გუშინ ერქომაიშვილი საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

ამასთან, საქართველოს პირველმა არხმა ანზორ ერქომაიშვილის ჩანაწერების გაციფრულება დაიწყო.