ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ხმაურითა და ურთიერთდაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის არსებული იერსახე გააპროტესტა, იქ განთავსებულ საყვავილეებს „კუბოები“ უწოდა და ფოტოები სააქტო დარბაზში გამოფინა. მისი თქმით, აღნიშნული ადგილი რეაბილიტაციამდე ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა და ის მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო განხორციელებული.
„ევროკავშირის გრანტით ოზურგეთის თეატრის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა ორ მილიონ ლარზე მეტი. ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ ყველაფერში ის არის, რომ ეს თანხა, ფაქტობრივად, წყალში გადაყარეს. ქალაქის ცენტრში მოიტანეს პირდაპირ კუბოს მსგავსი ჯართის გროვა და მიმტკიცებენ, რომ წინა პროექტი იმიტომ დავანგრიეთ, ეს უფრო მაგარიაო. თუ არ მოგვწონს რაღაც, ჩვენ ვყოფილვართ მტრები და ის კუბოები, რაც დაყარეს ქალაქის ცენტრში, პატრიოტიზმი ყოფილა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით მჟავანაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების თქმით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი პროექტებსა და განვითარებას ებრძვიან და მაშინ, როდესაც ჩვენ ვიხილავთ ქალაქის მდგრადი განვითარების საკითხებს, ისინი ტოვებენ სხდომას. ხმაურით ცდილობენ, რომ ჩაშალონ და ხელი შეუშალონ სამუშაო პროცესს. საზოგადოების მხრიდან ამ საკითხზე იყო მოსაზრებები და ჩვენ ამ საკითხს დავუბრუნდებით, მივიღებთ იმ ობიექტურ შენიშვნებს, რომლებიც ამ პროექტის ირგვლივ შეიძლება, არსებობდეს,“- განაცხდა ოზურგეთის მერის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.