ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, არიან დაშავებულები
ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ ჭანიეთიდან მომავალი „კორსას“ მარკის ავტომობილი მოულოდნელად გზიდან გადავიდა და დაიმტვრა, ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.
ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ოზურგეთში, სამედიცინო ცენტრ „მედალფაში“ არიან გადაყვანილები.
„სამივე პაციენტს აღენიშნება პოლიტრავმები. ამჟამად, მათ უტარდებათ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია სწორედ კვლევების დასრულების შემდეგ გვექნება“, – განაცხადა სამედიცინო ცენტრ „მედალფას” დირექტორმა, დავით მდინარაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.