ოთარ დანელია - დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიწის არც ერთი რეგისტრაცია არ მომხდარა, დარჩენილ ოთხ სამუშაო დღეში განაცხადების დაკმაყოფილება ვერ მოესწრება
დღეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არც ერთი რეგისტრაცია არ მომხდარა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს არის ბოლო ინფორმაცია, რაც იუსტიციის მინისტრისგან მაქვს. რეალურად, ოთხი სამუშაო დღეა დარჩენილი და მჯერა, რომ ამ დღეების განმავლობაში ვერც ერთი არასასურველი ტრანზაქცია ვერ მოხდება. მოგეხსენებათ, მიწის ყიდვისთვის ძალიან ბევრი დოკუმენტაციაა საჭირო. ის სრულ თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენს კანონმდებლობასთან და განაცხადები ძალიან ხშირად ხარვეზდება ხოლმე“, – განაცხადა დანელიამ.
მისი თქმით, განაცხადების დაკმაყოფილება ოთხ სამუშაო დღეში ფიზიკურად ვერ მოესწრება, შემდეგ კი, დასვენების დღეებია და პლუს, პრეზიდენტის ინაუგურაცია, ხოლო 16 დეკემბრიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვის აკრძალვას ისედაც ითვალისწინებს.
როგორც დანელიამ აღნიშნა, იუსტიციის სამინისტროსთან ჩატარებული აქცია სიმბოლურია, რადგან იუსტიციის სამინისტრო არაფერ შუაშია.
„ეს საჯარო და სამოქალაქო რეესტრის გადაწყვეტილება არ არის და ასევე, უშუალოდ, მინისტრის პოზიციაც ვიცი, რომელიც აბსოლუტურ თანხვედრაშია. სანამ ჩაგერთვებოდით, მე ბატონ ჯონდი ბაღათურიასაც ყურადღებით ვუსმენდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ნაწილში საერთო ღირებულებებს ვიზიარებთ და გამონაკლისი არც ქალბატონი თეა გახლავთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.