„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატ ფილმს სპეციალური კომისია 31 აგვისტოს გამოავლენს
„ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის გამოსავლენად ეროვნულმა კინოცენტრმა სპეციალური კომისია შექმნა.
კომისიაში 9 წევრია: კინორეჟისორი დიმიტრი მამულია, სცენარისტი გივი-ბესიკ ოდიშარია, ოპერატორი ლომერ ახვლედიანი, მსახიობი ია შუღლიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი კახა კანდელაკი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, სცენარისტი კოტე ჯანდიერი, კინომცოდნე ნინო მხეიძე, კინორეჟისორი ლევან კიტია.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის კინოაკადემიამ მათ ტრადიციულად თხოვნით მიმართა, შეერჩიათ 2018 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან „ოსკარის“ ნომინაციისთვის – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
„24 ივლისს ეროვნულმა კინოცენტრმა განაცხადების მიღება დაიწყო, რომელიც 3 აგვისტოს დასრულდა. ამერიკის კინოაკადემიისა და ეროვნული კინოცენტრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სულ შემოვიდა 6 განაცხადი. შესაბამისად, „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს შემდეგი 6 ქართული ფილმი იბრძოლებს: „ხიბულა” – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი; „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში; „ჰორიზონტი” – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი; „დედე” – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი; „ექვთიმე ღვთისკაცი” – რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე; „ჰამლეტი” – რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი“, – აცხადებენ კინოცენტრში.
კომისიის წევრებისთვის შერჩეული ფილმების დახურული ჩვენებები 30 და 31 აგვისტოს გაიმართება, 31 აგვისტოს კი ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდება, რომელიც წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმი გახდება.